„რეზონანსი" - ახალი ხრიკები ონლაინგამსესხებლებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ონლაინგამსესხებლები რეგულაციით გამოწვეულ ფინანსურ ზარალს მოსახლეობისგან ინაზღაურებენ.

დამატებითი თანხის მიღების მიზნით მათ რამდენიმე ხრიკი გამოიგონეს. ფინანსურ მაქინაციებში მომხმარებელი საკმაოდ ხშირად ებმება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საქმე იქამდე მივიდა, რომ სასესხო განაცხადის შეტანისას ხალხს ფულს იმ შემთხვევაშიც ახდევინებენ, როცა სესხს არ უმტკიცებენ. სწრაფი სესხის ზოგიერთმა ორგანიზაციამ მომხმარებლებს ხელშეკრულების გადასახადიც დაუწესა, რისი გადახდაც კლიენტს საპროცენტო განაკვეთებთან ერთად უწევს და თითქმის ორმაგს იხდის.

ახლახან მთავრობამ ონლაინგამსესხებლებს შეუტია, მაგრამ არც მათ დააყოვნეს და ჯავრი საკუთარ მომხმარებლებზე იყარეს. მართალია, საპროცენტო განაკვეთის მოცულობა კომპანიებმა შეამცირეს, სამაგიეროდ, შიდა განაწესები თავიანთ სასარგებლოდ მოირგეს და შემცირებული განაკვეთების მიღმა საკმაოდ მაღალი გადასახადები დააწესეს.

მაგალითისთვის, კომპანია „ლენდოში" მომხმარებელს განაცხადის შესატანად 5 ლარს ახდევინებენ. კომპანია „ამიკაში" კი ხელშეკრულების განაცხადი 100 ლარზე 18 ლარია, რაც დამტკიცებული სესხის მოცულობის შესაბამისად მატულობს.

ერთადერთი გამოსავალი მომხმარებელთა დასაცავად, როგორც სპეციალისტები ამბობენ, რეგულაციასთან ერთად, ბაზრის მკაცრი კონტროლია, რასაც მთავრობამ, განსაკუთრებით სებ-მა, ყურადღება უნდა მიაქციოს. ასე ფიქრობს ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე, რომლის ინფორმაციითაც, ონლაინსესხების კომპანიები სხვადასხვა გაუმართლებელი ხერხითა და მეთოდით ცდილობენ კლიენტების მოტყუებას.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ხელაღებით ვერ დავაბრალებთ, რომ იტყუებიან, მაგრამ მათი პოლიტიკა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაა. ამაზე უნდა იზრუნოს სებ-მა, სადაც უნდა შექმნას შესაბამისი დეპარტამენტი, როგორც ვიცი, არის კიდეც, მაგრამ რესურსი აქვთ მწირი და არც იგრძნობა, რომ ამ კუთხით რამე კეთდება.

მომხმარებელთა უფლებები აშკარად დაუცველია, რაც განპირობებულია იმითაც, რომ მონოპოლია დღეს ფინანსურ ბაზარზე ბანკებსა და მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციებს უჭირავთ. ადამიანებს სხვა არჩევანი არა აქვთ. შესაბამისად, მათთან დადებული ხელშეკრულებები დაუბალანსებელია და გამოკვეთილი უპირატესობა აქვთ გამსესხებლებს. პრაქტიკულად, არ რჩებათ უფლებები მსესხებლებს, რომლებიც ასეთი ორგანიზაციებისგან იღებენ სესხებს. შესაბამისად ბაზარი განუვითარებელია.

კომერციული საბანკო სისტემა მთლიანად ვერ ფარავს ყველა მოთხოვნას, რაც არის ბაზარზე და ამიტომაც გაჩნდნენ მიკროსაფინანსოები, თუ მათ ავკრძალავთ, სხვები მოვლენ. ამდენად, აკრძალვის გზით ვერ ვივლით, უნდა იყოს რეგულაცია და მომხმარებელთა უფლებების დაცვა", - აცხადებს „ბიზნეს-რეზონანსთან" თუთბერიძე.

ანალოგიური მოსაზრებისაა ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე, რომლის შეფასებითაც, ონლაინსესხების ბაზარზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებით ცუდი შედეგი მივიღეთ, რაც საბოლოოდ მომხმარებლებს დააწვათ ტვირთად და დაზარალდნენ.

„მომხმარებელს სრულად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, როცა ამა თუ იმ სესხის ასაღებად მიდის. ამასთან, გარკვეულწილად მომხმარებელთა უფლებები დაცული უნდა იყოს და რეგულაცია არ უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის დღეს. მართალია, დაუწესდათ ზღვარი, მაგრამ არც მათ დააყოვნეს და დაამატეს მომსახურების საკომისიო, რაც მომხმარებლებს დააწვათ. რეგულაციასთან ერთად, აუცილებელია მოთხოვნა და კონტროლი. აუცილებლად უნდა გადაიხედოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შიდა განაწესები, რაც მხოლოდ გამსესხებლების ინტერესზეა მორგებული. კანონის მიღება კი არა, აღსრულებაა მთავარი, რაც დარღვევით მიმდინარეობს და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს", - აცხადებს ბერძენაძე.

მისი თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების არსებობა იმ ფორმით, როგორიც არის დღეს, დაუშვებელია და მოსახლეობისთვის გაცილებით მეტი პრობლემის მომტანიც შეიძლება აღმოჩნდეს.

„ერთ დღეში მიღებული რეგულაციით მივიღეთ ისეთი შედეგი, როგორიცაა ადამიანის მოტყუება. რეგულაცია საჭიროა სწორად და არა ერთ დღეში. ამიტომაა, რომ ადამიანების გაყვლეფას არხეინად აგრძელებენ. რა აზრი აქვს 5%-ის დაფიქსირებას, როცა მომხმარებელს გადასახადი გამოსდის იმდენი, რამდენსაც მანამდე ახდევინებდნენ", - აღნიშნა ირაკლი ბერძენაძემ.

„ბიზნეს-რეზონანსი" შეეცადა, ყურადღება რამდენიმე ისეთი ფაქტით მიეპყრო, რომელიც აშკარად საჭიროებს რეაგირებას, რამდენადაც ერთი კონკრეტული შემთხვევის მიღმა, შესაძლოა, უამრავი დაზარალებული იყოს.

თბილისელმა თიკო ბესელიამ 1 თვის წინ "ლენდოში" სასესხო განაცხადი შეიტანა, რაშიც 5 ლარი გადაახდევინეს, მაგრამ სესხი არ დაუმტკიცდა.

„კომპანიის ფილიალში იმ მიზნით მივედი, რათა პირობები გამერკვია და 300 ლარამდე სესხი ამეღო. კარგი საკრედიტო ისტორია მაქვს და ვიფიქრე, ამ ფაქტორს გაითვალისწინებდნენ. თავდაპირველად მითხრეს, რომ შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა წარმედგინა. ტაქსის მძღოლი ვარ და ასეთი საბუთი არ გამაჩნია, ამიტომ ლიცენზია მომთხოვეს, თან მითხრეს, რომ ლიცენზიის მიტანის შემთხვევაში, წესით, დაბრკოლება არ შემექმნებოდა. სულ 5 ლარი მქონდა და ისიც იქ დავტოვე, სესხი კი არ დამიმტკიცეს, თანხის მიღების მოლოდინში ჩემი ფულიც დავკარგე. დარწმუნებული ვარ, იცოდნენ კიდეც, რომ სესხი არ დამიმტკიცდებოდა, მათ ამ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებათ და გადაამოწმებდნენ კიდეც, მაგრამ ფული მაინც გამომძალეს", - ამბობს თიკო ბესელია.

ფასიანი ხელშეკრულების შესახებ „ამიკას" მომხმარებლისთვის ონლაინ-კომპანიის ვებ-გვერდიდან გახდა ცნობილი. მარიკა დევიძე ამბობს, რომ 200-ლარიან სესხზე განცხადების შეტანისას შეამჩნია, რომ დამატებით 36 ლარის გადახდა მოუწევდა.

„ფული ძალიან დამჭირდა, ამიტომ თითქმის ყველა კომპანიის შემოთავაზებას გავეცანი. ჩემი ყურადღება ხელშეკრულების საფასურმა მიიპყრო. აქამდე ასეთი ვალდებულების შესახებ არც გამეგონა, თუ არ ჩავთვლით მსხვილი ბანკების მიერ დაწესებულ ექსპრესსესხებს, რის სანაცვლოდ მოსახლეობა ლამის ორმაგ თანხას აბრუნებს. ფაქტობრივად, იმავე სიტუაციაში აღმოვჩნდი.

იძულებული გახვდი, სესხზე უარი მეთქვა, რადგან 200 ლარის ნაცვლად მეორე ამდენიც უნდა გადამეხადა, რასაც შეეძლო, სამომავლოდ უარეს დღეში ჩავეგდე ცხადია, გაჭირვებული ადამიანი ამაზეც მიდის და მერე ისევ დაიწყება საუბარი, რომ ქვეყანაში ჭარბვალიანობაა. ონლაინკომპანიები უმკაცრესად უნდა გააკონტროლონ, რათა ადამიანები დაიცვან. გამოდის, რომ რეგულაციის პირობებშიც კი დაუცველი ვართ", - ამბობს უკმაყოფილო მომხმარებელი.

მარიკა გოგოხია

გაზეთი „რეზონანსი"