”112” კერძო კომპანიების წინააღმდეგ?

„ხშირია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს შეთავსებული აქვს ბიზნესის ფუნქციები და ბაზარზე, როგორც მოთამაშე გამოდის”.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საევაკუაციო მომსახურება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის -„112“-ის დაქვემდებარებაში გადავიდა. შ.პ.ს. „სერვის ცენტრს“ კი, რომელიც 2006 წლიდან ამ მომსახურებას ახორციელებდა, ხელშეკრულება გაუუქმდა. როგორც „112“-ში აცხადებენ, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი „სერვის ცენტრის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა გახდა. ”სერვის ცენტრში” კი ფიქრობენ, რომ ხელშეკრულების გაუქმების ობიექტური მიზეზი არ არსებობდა. ფაქტი ერთია - იქ, სადაც აქამდე კერძო კომპანია ოპერირებდა, ახლა სახელმწიფო უწყება შედის მოთამაშედ.

„2006 წლიდან, საპატრულო პოლიციასა და შპს „სერვის ცენტრს“ შორის ყოველგვარი შერჩევისა და კონკურსის გარეშე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანა „სერვის ცენტრის“ სპეციალურ დაცულ სადგომებზე ხდებოდა. 2011 წლის 30 მარტს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და შპს „სერვის ცენტრს“ შორის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „სერვის ცენტრი“ იღებდა ვალდებულებას, მოეწყო მომსახურებისთვის საჭირო 100 კვ.მ-მდე შუშის გამჭვირვალე, კეთილმოწყობილი შენობა და შესანახად გადაცემული სატრანსპორტო საშუალებების განთავსებისთვის 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელსაც ასფალტის საფარი ექნებოდა. ამასთან, შპს „სერვის ცენტრი“ იღებდა ვალდებულებას, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გადაცემული შეტყობინების საფუძველზე, უზრუნველყო ადგილზე ოპერატიულად გამოცხადება (არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა დამატებითი ტექნიკის მობილიზაცია, არა უმეტეს 30 წუთისა) და ავტომანქანის სპეციალურ სადგომზე გადაყვანა. თუმცა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში კომპანიამ ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, არ არსებობდა მომსახურებისთვის საჭირო კეთილმოწყობილი შენობა, მიწის ფართობი იყო ბევრად მცირე და არ არსებობდა ასფალტის საფარი. შპს „სერვის ცენტრი“ რეგულარულად აგვიანებდა ადგილზე გამოცხადებას 20-35 წუთით, რაც ხელს უშლიდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას ქალაქის ტერიტორიაზე და ქმნიდა საცობებს. შპს „სერვის ცენტრი“-ს მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის 15 მაისიდან ხელშეკრულება შეწყდა,“- აცხადებენ „112“-ში.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობას კატეგორიულად უარყოფს „სერვის ცენტრის“ დამფუძნებელი დიმიტრი გოგიჩაიშვილი და ამბობს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა პუნქტს აკმაყოფილებდნენ და ვერაფრით გაუგია, რის საფუძველზე შეწყვიტა სახელმწიფომ მის კომპანიასთან თანამშრომლობა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შეკვეთების გარდა, ”112” მომსახურებას ფიზიკურ პირებსაც გაუწევს. რითი იქნება უკეთესი საევაკუაციო მომსახურების „112“ -ის მიერ განხორციელება კერძო კომპანიებთან შედარებით, ამ კითხვაზე „112“-ში ასე პასუხობენ:

„შესაძლებელი იქნება ერთიანი ცნობადი ნომრიდან, შეუფერხებლად, ევაკუატორებით დახმარების სერვისის გამოძახება. მნიშვნელოვანია, რომ ნომერზე დარეკვა შესაძლებელია, როცა ტელეფონზე არ არის ბალანსი და ტელეფონში არ დევს სიმბარათი. სერვისი ხელმისაწვდომია დღის განმავლობაში 24 საათის მანძილზე. საჯარიმო ავტოსადგომები აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. გამოძახების მომენტიდან მოხდება ოპერატიული რეაგირება. მძღოლები აღჭურვილები არიან სპეციალური რაციებით, რომლის საშუალებით პირდაპირ კავშირზე არიან 112-ის დისპეტჩერებთან. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტირების მანძილის ათვლის საფასური იწყება ინციდენტის ადგილზე ევაკუატორის გამოცხადებიდან დანიშნულების ბოლო წერტილამდე. ხალხს მოემსახურება ხანგრძლივი, მაღალკვლიფიციური გამოცდილების მქონე მძღოლები“.

რაც შეეხება სატარიფო მომსახურებას, როგორც 112-ში ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მთავრობის დადგენილებით, განისაზღვრა საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და დგომის ერთიანი, შეღავათიანი საფასური, რაც ბაზარზე არსებულ ტარიფზე 50% -ით ნაკლებია.

„112“-ის მიერ მომსახურების გაწევისთვის საჭირო ამჟამინდელი ტარიფები ასეთია: გამოძახების ფიქსირებული საფასური – 30 ლარი. თავად სერვისის ღირებულება განისაზღვრება შემდეგი ტარიფებით: ქალაქის მასშტაბით – ობობას ტიპის დიდი ევაკუატორი 1 კმ - 4 ლარი; მოძრავ და ფიქსირებულ პლატფორმიანი ევაკუატორი 1 კმ - 3 ლარი. ქალაქგარეთ: ობობას ტიპის დიდი ევაკუატორი 1 კმ - 2 ლარი, მოძრავ და ფიქსირებული პლატფორმიანი ევაკუატორი 1 კმ - 1 ლარი. პარკინგის დღიური საფასური: მოტოციკლი - 4ლ; სედანი/ჯიპი-8ლ;მიკროავტობუსი/ავტობუსი-10ლ; სატვირთო/ტრაილერი-14ლარი; (6-დან 30 დღემდე ყველა ეს ტარიფი ნახევრდება, ხოლო 30 დღის შემდეგ-განუსაზღვრელი ვადით საფასური ჩამოდის 1 ლარზე).

ჩნდება კითხვა სახელმწიფოს მიერ ამ სექტორში მოთამაშედ შესვლა, შეუქმნის თუ არა პრობლემებს კერძო სექტორს და კონკურენტუნარიანი გარემო რამდენად იქნება შენარჩუნებული?

როგორც ეკონომიკის ექსპეტი ირაკლი ლექვინაძე bpn-თან საუბარში აცხადებს, ძალიან ფრთხილი გადაწყვეტილებები და სწორი ანალიზია საჭირო.

„ხშირია შემთხვევები ბოლო პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს შეთავსებული აქვს ბიზნესის ფუნქციები და გამოდის, როგორც მოთამაშე ბაზარზე. ძალიან ბევრი სფეროა ასეთი, თუნდაც ბევრი საჯარო იურიდიული პირი ამის კარგი მაგალითია. ეს არის ერთი შეხედვით სხვა მიზნებით გამართლებული. თუმცა, სინამდვილეში ჩვენ ვღებულობთ ბაზარზე სახელმწიფო ორგანიზაციის სახით მოთამაშეს, რომლსაც გარკვეული პრივილეგიები აქვს. ამიტომ ნებისმიერ სფეროში ძალიან ფრთხილი გადაწყვეტილებები და სწორი ანალიზია საჭირო. მაგალითად, თუ იმ სფეროში, სადაც კერძო სექტორი ვერ ახერხებს სერვისების წარმოებას და ეს სერვისები გარკვეული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, მარტო აქ უნდა იყოს სახელმწიფო აქტიური. სხვა ნებისმიერ სექტორში სახელმწიფოს შესვლა არის აბსოლუტურად გაუმართლებელი. რატომღაც ხშირ შემთხვევაში არის ხიბლი იმის, რომ სახელწიფო ორგანიზაციები აკეთებდნენ ბიზნესს გარკვეული პრივილეგირებული მდგომარეობით. ეს არის პირდაპირ დარღვევა კონკურენციული პრინციპების, რომელიც გრძელვადიან პერიოდში გარკვეულ ხარვეზებს იწვევს,“-აცხადებს ლექვინაძე.

ევაკუატორებით ავტომობილის გადაყვანის სერვისს მოქალქეებს, კიდევ რამდენიმე მცირე კომპანია და ფიზიკური პირი სთავაზობს. როგორც ისინი ამბობენ, ბაზარზე 112-ის შესვლის შემდეგ შეკვეთები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ და ძლიერი კონკურენტის გამოჩენის შემდეგ ბაზრიდან გაქრობის საფრთხე ემუქრებათ.

„112“-ში კი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს არ შეუშლის კონკურენციას.

„ბაზარზე არსებულ კომპანიებს სრული უფლება აქვთ, მომსახურება შესთავაზონ ნებისმიერ დაინტერესებულ პირებს და იყვნენ კონკურენტუნარიანები,-“ აცხადებენ „112“-ში.

გიორგი მუშკუდიანი