ქართული ბრენდი, რომლის პროდუქციის ფასიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, ფრანკფურტში, მილანში, აშშ-სა და ტოკიოში მიიწვიეს. „ჰუმანოიდის“ აქსესუარების ღირებულება 1 ლარიდან 420 ლარამდე მერყეობს, რის გამოც ყველა სეგმენტში მოთხოვნადია. როგორც ბრენდის დამფუძნებელი, დიზაინერი ნიკოლოზ ლუტიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, აქსესუარები ქართული ნედლულითაა შექნილი და ერთმანეთისგან განსხვავებული, სადა დიზაინით გამორჩევა. სწორედ ინდივიდუალიზმი და საინტერესო მოდელები გახდა მიზეზი იმის, რომ ბრენდმა ჰონგ-კონგის საერთაშორისო გამოფენაზე დიდი ყურადღება დაიმსახურა და სულ მალე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიყიდება.
ცნობისთვის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, სამმა ქართულმა კომპანიამ „გეფერინი“, „ჰუმანოიდი“ და „კოსმო“ ჰონგ-კონგში ტყავის და ტყავის პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე - „APLF” ქართული პროდუქცია წარადგინეს. ღონისძიებაზე ქართულმა კომპანიებმა ინდივიდუალური შეხვედრები გამართეს და პოტენციურ დამკვეთებთან, წარმატებულ შეთანხმებებს მიაღწიეს.
როგორც „ჰუმანოიდის“ დამფუძნებლი, დიზაინერი ნიკოლოზ ლუტიძე ამბობს, აღნიშნული გამოფენა ბრენდისთვის საკმაოდ ნაყოფიერი იყო, რადგან მათი პროდუქციით მრავალი ქვეყნის ბაიერი დაინტერესდა და საერთაშირისო ბაზარზე დიდი მომავალიც უწინასწარმეტყველეს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა იყო, რადგან პირველად ვიყავით მსგავსი მასშტაბის გამოფენაზე და გამოცდილებასთან ერთად, ძალიან ბევრი კონტაქტით დავბრუნდით. რამდენიმე კომპანიასთან გვქონდა რეალური კომუნიკაცია. ორი იყო ამერიკის ბაზრიდან, საიდანაც ჩვენი მოდელების მიმართ დიდი დაინტერესება წამოვიდა და ახლა ჩვენგან ელოდებიან კონკრეტული პროდუქციის ფასებზე და დეტალებზე ინფორმაციას.
გარდა ამისა, 2 შემოთავაზება გვაქვს გერმანიის ბაზრიდან და ფრანკფურტში ფესტივალზე დაგვპატიჟეს. მიწვევა მივიღეთ მილანიდანაც. გვიწინასწარმეტყველეს, რომ იქ ძალიან დიდი შანსი გვაქვს. ასევე დაინტერესება იყო ქუვეითიდან. ახლა ვართ კონკრეტული დეტალების შეთანხმების რეჟიმში“,-აცხადებს ნიკოლოზ ლუტიძე.
როგორ დიზაინერი ამბობს, მოლაპრაკებები შეეხებოდა აღნიშნულ ქვეყნებში „ჰუმანოიდის“ გაყიდვის წერტილების მოწყობას, ასევე საერთაშორისო ონლაინ გაყიდვების ბაზარზე გასვლას.
„საუბარია როგორც მულტიბრენდულ ობიექტებში ჩვენი პროდუქციის გაყიდვაზე, ისე ონლაინ ბაზარზე და სხვადასხვა მაღაზიებში პროდუქციის წარმოდგენაზე. მაგალითად, ამერიკის ბაზრიდან ერთ-ერთი დაინტერესებული კომპანია სხვადასხვა ბრენდთან აწარმოებს მოლაპარეკებებს და შემდეგ მათ პროდუქციას ყიდის როგორც საკუთარ მაღაზიებში, ისე ონლაინ პლატფორმაზე. საერთო ჯამში, ამ გამოფენამ ცალსახად აჩვენა, რომ ჩვენი პროდუქცია გავა ქვეყნის ფარგლებს გარეთ“,-აღნიშნავს ნიკოლოზ ლუტიძე.
რაც შეეხება გამოფენებს, პირველი შოურუმი ფრანკფურტში შემოდგომაზე გაიმართება, რის შემდეგაც „ჰუმანოიდი“, სავარაუდოდ, მილანში, პარიზში და ტოკიოშიც წარსდგება.
„ვინც კი მოდიოდა, ყველა გვირჩევდა, რომ აუცილებლად წავსულივით მილანის, პარიზის, ასევე ფრანკფურტის კვირეულებზე. საუბარი იყო აშშ-ის რამდენიმე გამოფენაზე და იაპონიაზეც, საიდანაც ერთი კომპანია ძალიან დაინტერესდა ჩვენი აქსესუარებით და დაგვპატიჟა. ჩვენი და იაპონიის ფასები რადიკალურად განსხვავდება ერთამენთისგან, თითქმის 200%-ით ძვირია იქაური პროდუქცია, ჩვენი დიზაინი კი ძალიან ახლოს არის მათთან, თავისი ინდივიდუალიზმით, რაც ჩვენი ხელწერაა, ასევე, კომფორტზე აქცენტირებით. ამიტომ, რჩევა იყო, რომ ტოკიოს ბაზარზე აუცილებლად შევიდეთ. ვნახოთ, რა იქნება, სამუშაო ბევრი გვაქვს. თუ რამდენიმე კომპანია შევგროვდებით და „აწარმოე საქართველში“ ფარგლებში ერთად წავალთ, ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი კომფორტი იქნება ჩვენთვის“,-ამბობს ნიკოლოზ ლუტიძე.
აღსანიშნავია, რომ „ჰუმანოიდი“ უკვე 5 წელია რაც ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი და ძირითადად, ტყავის აქსესუარებს აწარმოებს. როგორც ნიკოლოზ ლუტიძე აღნიშნავს, საწყისი კაპირტალი საკუთარი 1000 ლარი იყო, ახლა კი კომპანია 2 მაღაზიას ფლობს და ამასთან, დაახლეობით, 25 ადამიანს ასაქმებს.
„პერიოდულად ვქმნით ტანსაცმელსაც, მაგრამ ძირითადი ხაზი ტყავის ჩანთები და აქსესუარებია, რომელსაც ქართული ნედლეულით ვქმნით. საერთო ჯამში, დაახლოებით 35 სახის პროდუქტს ვაწარმოებთ. რაც შეეხება მაღაზიებს, ერთი გვაქვს თბილსიში და მეორე ქუთაისში, თუმცა აპრილში მესამე მაღაზიის გახსნას თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ჩვენსავე სახელოსნოსთან ახლოს ვაპირებთ. სულ დასაქმებული გვყავს 25-მდე ადამიანი, აქედან წარმოებაში - 10, მაღაზიებში - 9, გარდა ამისა, გვყავს, ბუღალტერი, 2 მენეჯერი, ვებ დიზაინერი და აშ.“,-აცხადებს ნიკოლოზ ლუტიძე.
რაც შეეხება ფასებს, „ჰუმანოიდი“ ყველა სეგმენტზე და სოციალ ჯგუფზე მორგებული ბრენდია, შესაბამისად, ფასიც სიმბოლური - ერთი ლარიდან იწყება და 420 ლარამდე მერყეობს.
„ვცდილობთ, რომ ყველა სეგმენტს მოვერგოთ, რათა ყველამ შეძლოს შეძენა. მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია, რომ 10 ლარად ძალიან ორიგინალური და გამორჩული დიზაინის საჩუქარი იყიდოს“,- აღნიშნავს ნიკოლოზ ლუტიძე.
ადგილობრივი ნედლეული საქართველოში რომ პრობლემას წარმოადგენს, ამაზე „ჰუმანოიდის“ დიზაინერიც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ბრენდის შექმნის მიზანი სრულიად ქართული პროდუქციის შექმნა იყო, თუმცა ადგილობრივ მწარმოებლებთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია, რადგან განვითარება არ სურთ.
„ტყავის წარმოების კუთხით პრობლემები ნამდვილად არის. როდესაც ქართულ ბაზარზე გამოვჩნდით, ტყავის სულ 2 ფერს აწარმოებდნენ. ბევრი რჩევისა და ბრძოლის შემდეგ ფერების წარმოება დაიწყეს, თუმცა ამასაც პრობლემა მოჰყვა, რადგან ტყავს ფერი გასდიოდა. ამის გამო, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩდით, რადგან აშშ-ში ჩანთის 2-ჯერ გაგზავნა და ბევრი ბოდიშის მოხდა მოგვიწია. ამიტომ, ნედლეულის მხრივ ძალიან დიდი პრობლემებია, თან ადგილობრივი მწარმოებლები ძალიან ხისტები არიან ურთიერთობაში, არ აქვთ სურვილი, რომ განვითარდნენ.
გარდა ამისა, პრობლემაა ფინანსური სტაბილურობა და სიმყარე, რასაც საბანკო რეგულაციები კიდევ უფრო ხელს უშლის. შეიზღუდა სესხის აღება, რაც განვითარებას აფერხებს. ამიტომ, ვფიქრობ, ადგილობრივ წარმოებას მეტი ხელშეწყობა სჭირდება“,- ამბობს ნიკოლოზ ლუტიძე.