ბაჰრეინში, სადაც აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის ბაზა მდებარეობს, ივნისში 5G ქსელი ამოქმედდება, რომლის ოპერირებასაც კომპანია „ჰუავეი“ შეასრულებს. ქვეყნის 5G ქსელის ინფრასტრუქტურაში ნაწილობრივ სწორედ ჩინური კომპანიის ტექნოლოგიებია გამოყენებული.
შეერთებულ შტატებში თვლიან, რომ შესაძლოა, ჩინური საკომუნიკაციო გიგანტი საკუთარ ტექნოლოგიებს შპიონაჟისთვის იყენებს. თუმცა ამან ბაჰრეინს 5G ქსელის ოპერატორად სწორედ ამ კომპანიის არჩევაში ხელი არ შეუშალა. არადა, ვაშინგტონი აფრთხილებს თავის მოკავშირეებს, რომ არ გამოიყენონ ჩინური ტექნოლოგიები, რადგან აქვს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ შესაძლოა, პეკინი „ჰუავეის“ დასავლეთში შპიონაჟისთვის იყენებს. ამ ბრალდებას პეკინი დაჟინებით უარყოფს.
კომპანია „VIVA ბაჰრეინმა“, რომელიც საუდის არაბეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად სატელეკომუნიკაციო კომპანია STC-ს ეკუთვნის, ერთი თვის წინ კონტრაქტი „ჰუავეისთან“ გააფორმა, რაც მას ჩინური კომპანიის G5 ტექნოლოგიების გამოყენების უფლებას აძლევს.
ბაჰრეინის ტელეკომუნიკაციების მინისტრი კამალ ბინ აჰმედ მოჰამედი როიტერსთან საუბრისას ამბობს, რომ „ჰუავეის“ ტექნოლოგიები ქვეყნის მიერ დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება და შეშფოთების საფუძველს არ იძლევა.
აშშ-ის მეხუთე ფლოტი ბაჰრეინშია ბაზირებული და სპარსეთის ყურეში, რამდენიმე სავაჭრო ხაზის უსაფრთხოებას, ირანის სიახლოვეს იცავს. რაც შეეხება ბაჰრეინს, ის მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდება, სადაც 5G ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება. 5G ქსელის განვითარება უკვე დაწყებული აქვთ აშშ-ს, იაპონიას, ჩინეთს და სამხრეთ კორეას. ამ მხრივ ოდნავ ჩამორჩა ევროპა, სადაც 5G ტელეფონების გაყიდვა წლის მეორე ნახევარში დაიწყება.