საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც ეროვნული ბანკის ინიციატივით გაიმართა, კობა გვენეტაძემ საბანკო სექტორს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციების პირველადი არასრული მონაცემები გაუზიარა, რომლის დინამიკაც სებ-ის მოლოდინებთან შესაბამისია.
როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკი აგრძელებს დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში განახორციელებს ცვლილებებს ისე, რომ რეგულაციების ძირითადი პრინციპები შენარჩუნებული იქნება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საცალო დაკრედიტების რეგულირება მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.
"ხაზგასასმელია, რომ საცალო დაკრედიტების რეგულირება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით ხორციელდება. ანალოგიური ტიპის რეგულაცია ბოლო პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაინერგა - ლიეტუვაში, უნგრეთში, შვედეთში, დანიაში, ჩეხეთში, ესტონეთში და სხვა",-ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.