„რეზონანსი" - ავტობიზნესი ჩიხშია, იაპონიიდან იმპორტი თითქმის ნულამდე დავიდა

საბანკო რეგულაციებმა საავტომობილო ბიზნესში პრობლემა შექმნა.

ავტოიმპორტიორების ინფორმაციით, რეალიზაცია მკვეთრად შემცირდა, რაზეც რეგულაციებთან ერთად გავლენა საბაჟო კოდექსის ცვლილებამაც მოახდინა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, განსაკუთრებით იაპონური მანქანების გაყიდვა ჭირს. როგორც დილერები ამბობენ, იაპონიიდან იმპორტი თითქმის ნულამდე დავიდა, თუმცა ამერიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან შემოყვანილი მანქანების გაყიდვის მხრივაც პრობლემაა.

„პასუხისმგებლიანი დაკრედიტების" სისტემის ამოქმედებამ პირველად ეფექტი თითქმის ყველა სფეროზე მოახდინა და გაყიდვები შემცირდა. სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში ბაზარი ცვლილებებს მოერგება და კომპანიები ახალი თამაშის წესებით განაგრძობენ მუშაობას, თუმცა მოკლევადიან პერიოდში, სხვა ყველაფერთან ერთად, სესხზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ მანქანების რეალიზაციაც შეამცირა.

მოთხოვნა მეტ-ნაკლებად ჰიბრიდულ ავტომობილებზეა, რომლებსაც რეგულაციები ნაკლებად ეხება და იმპორტს ამ მიმართულებით საფრთხე არ ემუქრება.

ავტოდილერების ნაწილი გაყიდვების კლების ერთ-ერთი მიზეზად სეზონურ ცვლილებასაც მიიჩნევს, თუმცა დასძენენ იმასაც, რომ ვითარების გამოსწორების იმედი ჯერჯერობით ნაკლებად აქვთ.

იმპორტიორები გაყიდვების შემცირებას სხვადასხვა მიზეზს უკავშირებენ. „ჯე ეფ აი სის" დირექტორი ზვიად ზიზიაშვილი ამბობს, რომ, საბანკო რეგულაციების გარდა, საბაჟო კოდექსის ცვლილებამ ბიზნესი საგრძნობლად დააზარალა. ამოქმედებული ცვლილებების არსი გაუგებარია და შესაბამისად, გაურკვევლობა ბიზნესზე ცუდად მოქმედებს.

„რეალიზაციის შემცირების მიზეზი საავტომობილო სფეროში მიღებული რეგულაციებიცაა. ეს გაურკვეველ ვითარებას ქმნის და სერიოზულად ზღუდავს გაყიდვებს. ახლა დასკვნების გაკეთება ნაადრევია, რადგან იანვარ-თებერვალი ამ ბიზნესისათვის ისედაც ძალიან ცუდი პერიოდია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ აპრილიდან სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვლება, რადგან რეალურად ბიზნესი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

იაპონიიდან შემოყვანილ მანქანებზე განბაჟების რეგულაციები შეიცვალა და ამან სერიოზულად შეგვიმცირა როგორც იმპორტი, ასევე შიგა გაყიდვაც. რეგიონში ავტომობილების იმპორტის ძირითადი მონაწილე ისევ სომხეთია, რომელიც შედის ევრაზიულ კავშირში. მათ ვადა ჰქონდათ მიცემული აგვისტომდე სტანდარტიზებისათვის, რის შემდეგ ალბათ სრულად აიკრძალება სომხეთიდან რეექსპორტი", - აცხადებს „რეზონანსთან" ზაზიაშვილი.

პრობლემა ავტომობილების ცნობილ ბრენდებსაც აქვთ, რომელთა წარმომადგენლები ამბობენ, რომ, დიდი ინტერესის მიუხედავად, ავტომობილზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და, შესაბამისად, მოთხოვნამაც იკლო.

შპს „აკა" - საქართველოში „მერსედეს-ბენცის" გენერალური წარმომადგენლის გაყიდვების მენეჯერ დიმიტრი გიგაურის განცხადებით, გამკაცრებული საბანკო რეგულაციები „მერსედეს ბენცის" ბრენდის ავტომობილების გაყიდვებზე უარყოფითად აისახა და გარკვეული შეფერხებები გამოიწვია.

„ავტომობილების გაყიდვებში ჯერჯერობით გაუმჯობესება არ გვაქვს. იგივე მაჩვენებელი გვაქვს, რაც გასულ წელს, თუმცა მერსედესის საშუალო ღირებულების ავტომობილებზე ახალმა რეგულაციებმა უარყოფითი გავლენა იქონია და გაყიდვებიც შეფერხდა. როგორც ცნობილია, სესხს ბანკები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გასცემენ, აქ კი პროცენტი მნიშვნელოვნად მაღალია. ამიტომ საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებელი კრედიტის აღებაზე უარს ამბობს და, აქედან გამომდინარე, ჩვენი პროდუქციის ყიდვასაც ვეღარ ახერხებს. თუმცა, მთლიანობაში, მომხმარებლების მხრიდან ჩვენი ბრენდის მიმართ ძველებურადაა დაინტერესება", - განაცხადა გიგაურმა.

როგორც „კომერსანტმა" შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით გაარკვია, „მერსედეს ბენცის" მარკის ავტომობილების გაყიდვები საქართველოში ზოგადად შემცირებულია. მაგალითად, 2016 წელს საქართველოში თუ 15 483 „მერსედესის" მარკის ავტომობილი შემოვიდა, 2017 წელს ეს რიცხვი 6 534-მდე შემცირდა, 2018 წელს კი – 4 181-მდე. როგორც ასევე ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, ბოლო წლებში საქართველოს მოსახლეობა ცდილობს, შედარებით იაფფასიანი და ეკონომიური (მაგალითად – ჰიბრიდები) ავტომობილები შეიძინოს.

საავტომობილო ბიზნესში არსებულ პრობლემაზე საუბრობს კომპანია „იამოტოს" წარმომადგენელი პაატა მაისურაძე. მისი თქმით, გაყიდვების ტენდენცია კლებისკენაა და ეს აბსოლუტურად ყველა კატეგორიის ავტომობილს შეეხება.

„იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილების გაყიდვა ადგილობრივ ბაზარზე ფაქტობრივად შეუძლებელია, თუმცა გარკვეული რაოდენობა (საექსპორტო) მაინც შემოდის, საჭე გადადის და საქართველოდან სომხეთში გადის. რეგულაციების ეფექტი საავტომობილო სფეროს პირდაპირ შეეხო. ის მანქანები, რომლებიც აქტიურად იყიდებოდა, დღეს ნაკლებ ინტერესს იწვევს. ეს არის „ჰიუნდაის", „ფორდისა" და სხვა მოდელები, რომელთა რეალიზაციაც ჭირს, მოთხოვნადი კი მხოლოდ ჰიბრიდული ატოვობილები დარჩა.

ვერ გეტყვით, რამ შეიძლება გააუჯობესოს სიტუაცია, ნაწილობრივ ვეთანხმები რეგულაციას, რაც მთავრობამ მიიღო მარჯვენასაჭიანი მანქანების მიმართულებით, თუმცა საკმაოდ ხისტი პოლიტიკაა და ამიტომ სწორად არ მიმაჩნია", - განუცხადა „რეზონანსს" მაისურაძემ.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"