რისი მშენებლობა იგეგმება მთაწმინდაზე, ტვერელის ეკლესიასთან (+ფოტო)

მთაწმინდაზე, ტვერელის ეკლესიასთან მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.

მისი თქმით, ტერიტორიაზე მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

„ტვერელის ეკლესიასთან, კერძოდ, 8 მარტის ქუჩაზე ადრე ბარაკები იყო და მოსახლეობა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა. დღეს კი, მათი მდგომარეობის გაუმჯობესება და ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს.

აქ არ არის საუბარი კორპუსებზე, აშენდება 2-3 სართულიანი ტერასული ტიპის სახლები. ამასთან, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ არც კოეფიციენტის მატება მომხდარა და სამუშაო პროცესიც კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს,“-აღნიშნა კალაძემ.

ცნობითვის, მთაწმინდაზე, 8 მარტის ქუჩაზე სახლს კომპანია “MK Development” აშენებს, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულდეს. კომპანიამ მშენებლობის ნებართვა 2018 წლის 17 ოქტომბერს მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობას მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი აპროტესტებს. გუშინ ტვერელის ეკლესიასთან აქციაც გამართეს, სადაც მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებდნენ.

თაია არდოტელი