11 მილიონამდე გაიზრდება ტურისტების რაოდენობა რამდენიმე წელიწადში და, რა თქმა უნდა, ამხელა რაოდენობის ხალხის მომსახურებას სჭირდება ძალიან დიდი სერვისის მანქანა, რომელიც ჩვენ უნდა შევქმნათ,- ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.
"არაერთი კვლევა და ქართველი და უცხოელი ინვესტორების გამოკითხვა მეტყველებს იმაზე, რომ დიახ, კვალიფიკაცია არის ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება ჩვენთან ინვესტიციების განხორციელებაში და ეს ეხება ისევ და ისევ არა მარტო უცხოურ, არამედ ქართულ ინვესტიციებსაც. დღეს ჩვენ დავაანონსეთ ოფიციალურად მასშტაბური პროგრამის დაწყება პროფესიულ გადამზადებაში, ეს არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. ჩვენ ვართ ხელშემწყობი კერძო სექტორისთვის. აი, ამ კერძო სექტორის ხელშეწყობისთვის და კერძო სექტორის განვითარებისთვის, როგორც უცხოური ინვესტორებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის ჩვენ, როგორც სახელმწიფო მოვალედ ვთვლით, რომ განვახორციელოთ მასშტაბური საგანმანათლებლო პროგრამები და ამ შემთხვევაში ეს ეხება პროფესიული გადამზადების მასშტაბური პროგრამის დაწყებას, რომელიც პრინციპში უკვე დაიწყო. დღეს ჩვენ ლაპარაკი გვქონდა ორ ძირითად სექტორზე, ეს არის ტურიზმი და საინფორმაციო ტექნოლოგიები. რატომ ტურიზმი? იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ძირითადი სექტორი და აქ ჩვენ გვინდა ავწიოთ მომსახურების ხარისხი და დავამატოთ აგრეთვე მომსახურების და ტურიზმის სფეროში დამატებითი ადამიანები, რომლებიც შეძლებენ, რომ უზრუნველყონ ტურიზმის ზრდა და იმ ტურიზმის მომსახურების ზრდა, რომელსაც ჩვენ ველოდებით მომავალ წლებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 11 მლნ-მდე გაიზრდება ტურისტების რაოდენობა რამდენიმე წელიწადში და, რა თქმა უნდა, ამხელა რაოდენობის ხალხის მომსახურებას სჭირდება ძალიან დიდი სერვისის მანქანა, რომელიც ჩვენ უნდა შევქმნათ",- განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მინისტრის თქმით, "ამ სექტორს აქვს მნიშვნელობა როგორც საქართველოს ბაზრისთვის, აგრეთვე ექსპორტისთვის იმიტომ, რომ დღევანდელ დღეს IT საინფორმაციო ტექნოლოგიების ინჟინრები არიან ძალიან მოთხოვნადი საერთაშორისო ბაზარზე".
"წარმოიდგინეთ, რომ ეს ხალხი მუშაობს საქართველოში, ფიზიკურად აქ ზის, ემსახურება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აშშ, ავსტრალია, ევროპას, აქ იღებს ხელფასს და შემოაქვს უცხოური ვალუტა ქვეყანაში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს დიდი პროგრამა სამშენებლო სექტორისთვის, რომელსაც ვაკეთებთ საწარმოო სექტორისთვის და ა.შ. მაგალითად, დღესდღეობით ის პროგრამა, რომელიც დავაანონსეთ IT სექტორში, გაწერილია კონკრეტულად 3000 კაცზე და ჯდება 2 მლნ-ნახევარი დოლარი და რომლის დაფინანსებაშიც მსოფლიო ბანკი გვეხმარება პრაქტიკულად სრულად. რაც შეეხება სხვა პროგრამებს, აქ არის ძალიან რთული ბიუჯეტირება, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ ამ საკითხში არ უნდა დავზოგოთ თანხები, ეს არის ის საკითხი, სადაც თანხების დაზოგვა არ მოხდება. აქ უნდა დავხარჯოთ იმდენი, რამდენიც შეგვიძლია იმიტომ, რომ ამაზე უფრო სასარგებლო და ამაზე უფრო შედეგიან საკითხში ჩვენ მთავრობა და სახელმწიფო ფულს ვერ დახარჯავს ",- განაცხადა ქობულიამ.