პრობლემების საფუძველი იყო, რომ ჩვენ სამინისტროში გაგვექცა მომენტი, როდესაც ძირითადად კონცენტრირებულები ვიყავით მიღებული კანონის აღსრულების გეგმის წერაზე, სოციალური მუშაკები კი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და იქამდეც იყვნენ მძიმე მდგომარეობაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სოციალური მუშაკების გაფიცვის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, იმ პერიოდში, როდესაც არ იყო სათანადო კომუნიკაცია სამინისტროს მხრიდან, სოციალურ მუშაკებს ჰქონდათ ბევრი სამუშაო და იყვნენ ერთი ერთზე რთული გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების პროცესში.
მინისტრის განმარტებით, უკვე არსებობს სოციალურ მუშაკებთან ერთად შემუშავებული გეგმა, რომელიც ეტაპობრივად გამოასწორებს მდგომარეობას, თუმცა ახლა პრობლემა ამ გეგმის აღრულების ვადებია, რომელსაც გაფიცული სოციალური მუშაკები არ ეთანხმებიან.
„სოციალური მუშაკების მოთხოვნები არის იმ კანონის ნაწილი, რომელიც გასული წლის სექტემბერში მივიღეთ. პრინციპული განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ კანონში არის გაწერილი კონკრეტული აღსრულების ნაწილი, ხოლო სოციალური მუშაკები ითხოვენ არსებული გეგმის ბევრად დაჩქარებულად, უმოკლეს ვადებში განხორციელებას. ვეცადეთ, მოგვეძებნა კომპრომისი. უკლებლივ ყველა სამუშაოს აღსრულების ვადას ვერ გადმოვწევთ, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ სოციალური მუშაკების გაფიცვის დაწყებამდე გვქონდა მათთან ერთად შემუშავებული გეგმა, რომლის საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულდა გაფიცვის დაწყებამდე,“ - განმარტა მინისტრმა.
სერგეენკოს თქმით, სოციალური მუშაკების მოთხოვნები ძირითადად ეხება მათი ტვირთის შემსუბუქებას, რომ შეძლონ მომდევნო 9 თვის გატარება, სანამ კანონით ხელფასის გაზრდის საშუალება იქნება და მეორე მხრივ, პროფესიული და მატერიალურ ტექნიკური მხარდაჭერა.
„მესმის, რომ ხელფასების მომატება მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა ამ თემას კომპლექსურად უნდა შევხედოთ. უბრალოდ შეუძლებელი იქნება იმის საფუძველზე მოიმატოს ხელფასმა, თუ რამდენად მძაფრად იქნება გამოხატული პროტესტი.
გეგმის პირველი ნაწილია არსებული ტვირთისგან მათი გათავისუფლება და ისეთი საქმეების ჩამოშორება, რაც მათ პრობლემებს უქმნის. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ასევე განხორციელებულია პროფესიული მხარდაჭერა, რომ სოციალური მუშაკები მარტო აღარ იყვნენ პრობლემების პირისპირ. ტექნიკური მხარდაჭერა და მათ შორის ტრანსპორტზე იყო აქცენტირება. ეს საკითხი უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მოიხსნება. გაფიცვის დაწყებამდე ყველა რეგიონში თითო და თბილისში დამატებით ორი მანქანა გამოიყო. უახლოეს ერთ კვირაში გვექნება დამატებით 11 მანქანა. დღეს საღამომდე სამინისტროდან ვანაწილებთ რამდენიმე მანქანას,“- აცხადებს მინისტრი.
ამასთან, მინისტრმა გაფიცულ სოციალურ მუშაკებს სოციალური მუშაობის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში დაბრუნებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სოციალური მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მუშაობა უპირველესი პრიორიტეტია.
„პირველი და ყველაზე მთავარი პრიორიტეტია ის, რომ სოციალური სამუშაოს სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეებს არ შეექმნათ შეფერხება ამ სერვისების მიღებისას. ამ დღეების განმავლობაში შეფერხება არ ყოფილა მის გადაუდებელ ნაწილში. ეს პრიორიტეტი ვფიქრობ, ყველასთვის თანაბარია და ერთადერთი გზა მის განსახორციელებლად არის სამუშაო პროცესში დაბრუნება. ცხადია, მათი არჩევანია გაფიცვა, თუმცა ეს არ უშლის მათ ხელს, რომ გააგრძელონ იმ საბჭოს ფარგლებში მუშაობა, რომლის წევრებიც არიან და მნიშვნელოვანია ისინი დაბრუნდნენ არსებული სამოქმედო გეგმის სამუშაო განხილვის ფორმატში,“ - განაცხადა სერგეენკომ.