ევროკავშირში გაყიდულ ყველა ავტომობილში სიჩქარის შემზღუდავი ტექნოლოგია სავალდებულო გახდება. ახალი რეგულაციის ამოქმედება 2022 წლიდან იგეგმება.
ინიციატივის ავტორების განცხადებით, აღნიშნული რეგულაცია მნიშვნელოვნად შეამცირებს ევროკავშირის გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევებს და ხელს შეუწყობს ევროკავშირის მიზნის მიღწევას, რომელიც 2050 წლისთვის ევროკავშირის გზებზე სიკვდილიანობის ნულამდე შემცირებას გულისხმობს.
უსაფრთხოების ზომების ახალი რეგულაციები ევროკომისიამ დაამტკიცა და ის ითვალისწინებს გადაუდებელი დამუხრუჭებისა და სავალ ზოლში მოძრაობის შემნარჩუნებელი ტექნოლოგიის დანერგვას ყველა ახალ წარმოებულ ავტომობილში, რომელიც ევროკავშირში გაიყიდება.
ევროკომისრის ელზბიეტა ბიენკოვსკას განცხადებით, ევროკავშირში ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 25,000 ადამიანი კვდება და ასიათასობით ტრავმებს იღებს. აღნიშნული რეგულაციების შემოღება კი იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი გზებზე უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.