1-ლი აპრილიდან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი სისხლის სამართლებრივად დაისჯება - როგორ მოხდება ნარკოტესტზე შემოწმება

2019 წლის 1-ლი აპრილიდან კანონპროექტში შედის ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

აქედან გამომდინარე, პატრულ-ინსპექტორების მიერ ე.წ. ნერწყვის ტესტებით მძღოლების სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე შემოწმება მოხდება. ამ მიზნით, პორტატული ნარკოტესტერების, ნარკოტესტერის შესანახი სპეციალური ყუთებისა და სპეციალური საბეჭდი ხელსაწყოების შესაძენად შს სამინისტრომ ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 550 000 ლარი, ხოლო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სოლემარტი“ გახდა.

კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად, შს სამინისტრო Securetec-ის ფირმის (მწარმოებელი ქვეყანა - გერმანია) 10 ათას ცალ პორტატულ ნარკოტესტერს შეიძენს, რომელთა საერთო ღირებულებაც 540 000 ლარია. აღნიშნული ტესტერები ნერწყვის საშუალებით ადგენს ნარკოტიკული საშუალებების შემდეგი კომპონენტების მოხმარებას: მარიხუანა, ჰაშიში, ამფეტამინები, ამფეტამინი და მეტანმეტამინი; კოკაინი; ოპიატები (მორფი, ჰეროინი).

ტესტირების დრო 5 წუთია, საჭირო ნერწყვის რაოდენობა 5 მიკროლიტრი; ნერწვის შეგროვებისათვის საჭირო დრო კი 3 წამია.

„რეზულტატი იკითხება დამატებითი მოწყობილობების გარეშე; სინჯის ბალიშს აქვს ინდიკატორი და მასზე საკმარისი ნერწყვის მოთავსებისას ვიზუალური ჩვენებისთვის იცვლის ფერს - წითლიდან ყვითელში; რეზულტატი ასახავს პოზიტიურ შედეგს (და არა ნეგატიურს) წითელი ფერის შეფერილობის ხაზით. მარიხუანას შემთხვევაში ტესტი ავლენს ყველა იმ შემთხვევას, როცა ნარკოტიკული საშუალების მიღება მოხდა 8 საათის განმავლობაში. ტესტი ავლენს ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალების უმნიშვნელო კვალსაც კი,“-აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

ამავე ხელშეკრულებით, შს სამინისტრო ყიდულობს Securetec-ის ფირმის 5 ცალ სპეციალურ საბეჭდ ხელსაწყოს და Giostyle-ს ფირმის (მწარმოებელი ქვეყანა - იტალია) 100 ცალ ნარკოტესტერის შესანახ სპეციალურ ყუთს.

გარდა ამისა, შს სამინისტრომ თანხმობა მიიღო ნერწყვის ნიმუშის ასაღები კონტეინერების, ინსტრუმენტული ტოქსიკოლოგიური ანალიზის ჩასატარებლად საჭირო ქიმიური რეაქტივებისა და საექსტრაქციო კარტრიჯების გამარტივებული წესით შესყიდვაზეც. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 32 528 ლარია.

მათ შორის შესყიდვის ობიექტებს წარმოადგენს:

  • ნერწყვის შესაგროვების და შენახვის 1 000 ცალი კონტეინერი;
  • მყარფაზიანი ექსტრაქციის 300 ცალი კარტრიჯი 691-0353T, SPEWare;
  • მყარფაზიანი ექსტრაქციის 300 ცალი კარტრიჯი Tubes, Versaplate-Plexa Das, 30Mg;
  • მყარფაზიანი ექსტრაქციის 300 ცალი Strata X-Drug B 30mg კარტრიჯი;
  • ამონიუმის ფორმიატი ≥95 %, ექსტრა სისუფთავის 1 კგ;
  • ამონიუმის აცეტატი ≥96 %, ექსტრა სისუფთავის 1 კგ;
  • ამონიუმის აცეტატი ≥98.5%, ექსტრა სისუფთავის 1 კგ.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი აპრილიდან მძღოლის ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა საჭირო აღარ იქნება და პატრულ-ინსპექტორი მძღოლებს ადგილზევე შეამოწმებს. ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალებების მართვა კი სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

თაია არდოტელი