„ამ დროისთვის 100-ზე მეტი ვაუჩერია გაცემული და ტაქსების გადაღებვის სამუშაოები მიმდინარეობს"

დღეის მდგომარეობით 100-ზე მეტი ვაუჩერია გაცემული და შესაბამისად, მიმდინარეობს ტაქსების გადაღებვის სამუშაოები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქლაივის“ დროს განაცხადა.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ დააკონკრეტა ლიცენზირებასთან დაკავშირებული საკითხები. კალაძის თქმით, რეფორმით ყველა კარგად მოაზროვნე ტაქსის მძღოლი კმაყოფილი და ბედნიერი უნდა იყოს.

„ბევრჯერ მომიწია ახსნა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ რა ბენეფიტებს მიიღებენ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები. ჩვენი მუშაობით, ისინი საშემოსავლო გადასახადისგან მთლიანად გათავისუფლდებიან. ქალაქში მათთვის საპარკინგე ადგილებია გამოყოფილი და უფასო იქნება. უკვე არსებობს ეს ადგილები და ჩვენ კიდევ ვამატებთ საპარკინგე ადგილებს. ტაქსის მანათობელიც, რომლის დიაზინიც გუშინ წარვადგინეთ, უფასოდ გადაეცემათ. სტანდარტით ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერი, ქიმწმენდის და გადაღებვის ვაუჩერები მათ უფასოდ გადაეცემათ. დღეის მდგომარეობით 100-ზე მეტი ვაუჩერი არის გაცემული და შესაბამისად, მიმდინარეობს გადაღებვის სამუშაოები. ასევე, მინდა ვთქვა, რომ რეკლამის განთავსების შემთხვევაში, მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ შემოსული თანხა მათი საკუთრება იყოს. ადამიანები, რომლებიც კარგად ფიქრობენ, მხედველობაში მყავს ტაქსის მძღოლები, კმაყოფილი უნდა იყვნენ და ბედნიერი, რომ ამით მათ დამატებითი ბენეფიტი და შემოსავალი უჩნდებათ, რაც მათი ოჯახებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“,-განაცხადა კახა კალაძემ.