მსოფლიოში საუკეთესო აეროპორტად სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტი დასახელდა

მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების რეიტინგში პირველი ადგილი სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტმა - Singapore Changi Airport-მა დაიკავა. ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანიის Skytrax-ის ყოველწლიური კვლევის მიხედვით, მეორე პოზიციაზე მოხვდა ტოკიოს აეროპორტი Tokyo International Airport Handa, მესამე ადგილზე კი სამხრეთ კორეის აეროპორტი Incheon International Airport-ია.

ყატარის დოჰას აეროპორტი Hamad International Airport რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს, მეხუთე პოზიციაზეა ჰონგ-კონგის აეროპორტი Hong Kong International Airport-ი. ათეულში მეექვსე პოზიციაზე იაპონიის, ნაგოიას საერთაშორისო აეროპორტია Central Japan International Airport, მას მიუნხენის აეროპორტი Miunich Airport მოსდევს, შემდეგ ადგილზე ლონდონის London Heathrow Airport-ია, მეცხრე და მეათე პოზიციებზე ტოკიოს Tokyo Narita Airport და ციურიხის Zürich Airport-ია.

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. მგზავრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 10 თვის განმავლობაში ავსებენ Skytrax ვებ-გვერდზე განთავსებულ კითხვარს და აფასებენ ავიაკომპანიებს სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, მათ შორის, რეგისტრაციის სიმარტივე, კაბინის სისუფთავე, საკვები, სერვისი და ა.შ. World Airport Awards-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.