ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსები, სავარაუდოდ, ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იმოძრავებენ

ყვითელმა სამარშრუტო ტაქსებმა შესაძლოა, ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იარონ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ყვითელი მიკროავტობუსები სავარაუდოდ, შიდასაუბნო ტერიტორიაზე გადაინაცვლებს და ის ცენტრალურ სატრანსპორტო საშუალებებთან დამაკავშირებლის ფუნქციას შეასრულებს. როგორც ხმალაძემ განმარტა, პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

"აუცილებლად გადაიხედება შესაბამისი კონტრაქტი, რადგან ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლებაზე და ეს არის გარდაუვალი პროცესი. ეს პროცესი საკმაოდ მნიშვნელოვან ფაზაშია. უახლოეს პერიოდში მოწოდებული იქნება საბოლოო ანგარიში მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებულ ქსელთან დაკავშირებით და ეს რა თქმა უნდა, შეეხება ყვითელ მიკროავტობუსებსაც. ყვითელი მიკროავტობუსების ქსელის მოწესრიგება მოხდება ანუ ის გახდება ძირითად სატრანსპორტო საშუალებებთან დამაკავშირებელი და ცენტრალური ქუჩებიდან სავარაუდოდ, გადავა შიდა საუბნო არეალებში," - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.