ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის პოსტი რომან ბოკერიამ დაიკავა.
რომან ბოკერია ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო დაწესებულებებში. დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ეკონომიკისა და საბანკო ოპერაციების ფაკულტეტი (1992-1996). შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის მიმართულებით (1997-2003). 2008-2010 წლებში განათლება მიიღო ფლორიდის შტატში - ტამპას უნივერსიტეტში, ჯონ ჰ. საიკსის ბიზნეს კოლეჯში, მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, MBA ფინანსებსა და ინვესტიციებში. ამავე უნივერსიტეტში პარალელურად იყო ასპირანტი ასისტენტი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფინანსურ დეპარტამენტში. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
„ჯორჯიან ეარვეისი“ ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც 25 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. დღეისთვის, ავიაკომპანია 17 ავიამიმართულებით ახორციელებს რეგულარულ პირდაპირ ავიარეისებს და ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ავიაგადამზიდია. 2018 წელს ავიაკომპანიამ 550831 მგზავრი გადაიყვანა. „ჯორჯიან ეარვეისს“ საქართველოს საავიაციო ბაზრის 14% უჭირავს + 1/2% წლიური ზრდით.