კახაბერმა შოკოლადის წარმოება დაიწყო  -  პირველი ქართული შემეცნებითი თამაში შოკოლადი „თხა და ვენახი“

„კახაბერმა“ პირველი ქართული შემეცნებით-გასართობი შოკოლადი "თხა და ვენახი“ გამოუშვა.

ეს არის მუსიკოსის შემოქმედებაზე შექმნილი შოკოლადი, რომელიც ერთდროულად გემრიელიც არის და გასართობიც.

ახალი შემეცნებით-გასართობი შოკოლადი „ბიბლუსის“ მაღაზიებში უკვე იყიდება. ხვალიდან კი „გუდვილშიც“ შევა. შოკოლადის მთლიანი შეკვრის ფასი 6.95 ლარია, სადაც სულ 8 ფილა შავი და რძიანი შოკოლადია განთავსებული.

როგორც იდეის ავტორი, მომღერალი კახაბერ ცისკარიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, იდეა მაშინ გაჩნდა, როცა „თხა და ვენახის“ თანამედროვე ვერსია გაკეთდა.

„ეს იდეა დიდი ხანია არსებობდა, თუმცა ეს პროექტი წელს განხორციელდა. საქართველოში პირველი ქართული ზღაპარია შოკოლადის სახით, თან შემეცნებით-გასართობი. ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი საჩუქარი იქნება ოჯახისთვის, სადაც ბავშვია. ვფიქრობ, საინტერესოა და გაამართლებს, რაც მთავარია ხარისხიანი შოკოლადია.

ეს პროექტი საქართველოს ქართული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება და მიხარია, რომ ეს იდეა განვახორციელეთ.

ეს არის თამაში შოკოლადი, რომელიც 8 ფილისგან შედგება, ანუ 8 პერსონისგან, რომელიც მომხმარებელმა უნდა ააწყოს. გარდა ამისა, ყუთები შეიცავს კოდს და სკანირების შემთხევევაში, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შესაძლებელია, 2013 წლის ალბომის გადმოწერა და მოსმენა. სწორედ ამ ალბომშია „თხა და ვენახი“.

რა თქმა უნდა, ასევე ვფიქრობთ განვითარებაზეც. სამ თვეში ერთხელ „თხა და ვენახის“ განახლებული ვერსიები გამოჩნდება“ - განაცხადა კახაბერმა.

შოკოლადი „თხა და ვენახის“ იდეის ავტორი კახაბერ ცისკარიძეა, დამამზადებელი კომპანია შპს „ბარამბოა“, რომელიც დაკვეთას „კახაბერი არტის“-გან იღებს.

ლიკა ამირაშვილი