დავით ნარმანია გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრებს შეხვდა

თბილისის ახლად არჩეული მერი დავით ნარმანია გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრებს შეხვდა.

როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა , გერმანია-საქართველოს ბიზნესგაერთიანებაში საკმაოდ ბევრი და საინტერესო ბიზნესკომპანიები არიან გაწევრიანებული.

მისი თქმით, ბევრ კომპანიას საკმაოდ საინტერესო ბიზნესი აქვს თბილისში.

"ჩვენ ვაპირებთ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ამ გაერთიანებასთან და მის წევრებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან დედაქალაქში გააფართოონ თავიანთი ბიზნესი. ჩვენ მათთვის გვექნება შესაბამისი პირობები, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ბიზნესის განვითარებას. ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა მიმართულია იმისკენ, რომ თბილისი გახდეს ეკონომიკური და ტურისტული ცენტრი და საინტერესოა ასეთ კომპანიებთან თანამშრომლობა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, მსგავსი კომპანიებისთვის შეიქმნება სპეციალური ბიზნესცენტრი.

"გვექნება სპეციალური შეთავაზება იმისთვის, რომ მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ. ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას, რათა დასაქმდნენ ადამიანები და ხელი შეუწყონ წარმოების გაზრდას და ბიუჯეტში შენატანების გაზრდას", - აცხადებს ნარმანია.

მისი განცხადებით, განაშენიანების გენერალური გეგმის მიხედვით იგეგმება, რომ თბილისში ლოჯისტიკურ ცენტრებთან ახლოს ცალკე გამოიყოს ტერიტორია და ეს ტერიტორია შეღავათიანი პირობებით იყოს შეთავაზებული ბიზნესისთვის, რომელიც თბილისში სპეციალურ საწარმოს გააკეთებს.