ბათუმში კომაროვის ტიპის ტექნიკური სასწავლებლის გახსნა იგეგმება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ბათუმში კომაროვის ტიპის ტექნიკური სასწავლებლის გახსნა იგეგმება.

როგორც ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სკოლის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება, მანამდე კი, ერთი თვის ვადაში აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობამ სკოლის ასაშენებელი ტერიტორია უნდა გამოყოს.

„თვენახევრის წინ დავაანონსეთ დიდ დიღომში განათლების და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 15 ჰექტარ ტერიტორიაზე მეგა სკოლის მშენებლობას და კომაროვის სკოლის გაფართოებას. ასევე, სამეცნიერო ლაბორატორიების დამატებას, რომ რაც შეიძლება მეტ სახელმწიფო სკოლას მივცეთ შესაძლებლობა ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ტექნოლოგიების მიმართულებით წვდომა ჰქონდეთ და ეს ყველაფერი იქნება უფასო. გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე აქტიურად ვმუშაობთ გერმანულ მხარესთან და დარჩა წვრილმანი დეტალები, რომ გერმანიასთან ერთად აშენდეს პროფესიული სასწავლებელი, რომელიც მშენებლობის მიმართულებით იქნება და მასში სწავლება გერმანული პროგრამით იწარმოებს, გერმანური დაფინანსებით და მთლიანად მოვიცავთ მშენებლობის მიმართულებით სწავლებას, გერმანული სტანდარტებით. იქნება ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზები და ა.შ.

როცა თბილისის ამ პროექტზე ვფიქრობდი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ რეგიონებზეც აქტიურად დაგვეწყო ფიქრი. ძალიან აქტიურად დგას კომაროვის ტიპის ტექნიკური სასწავლებლის გახსნის საკითხი, თავისი საერთო საცხოვრებლით, რომ მივცეთ საშუალება მაღალმთიანი აჭარიდან სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს სწავლის შესაბამისი საშუალება ჰქონდეთ. გუშინ პრემიერმა აჭარის მთავრობას მისცა დავალება, რომ გამოინახოს მიწის ნაკვეთი, რომელიც რამდენიმე ჰექტარზე იქნება და იგივე კომპონენტებს მოიცავს, რასაც დიდი დიღმის სკოლა. ვფიქრობთ, ეს პროექტი წელსვე დაიწყება. ასევე აქტიურად ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ბათუმსა და თბილისში არ იყოს მსგავსი პროექტი და სხვა რეგიონებშიც გვქონდეს. ვფიქრობთ, ამას ძალიან მალე შევძლებთ. რაც მთავარია, ეს იქნება უფასო, რომ ყველა ნიჭიერი ბავშვი ამაში მონაწილეობდეს. 1 თვის ვადა მიეცა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს, რომ წარმოადგინოს მიწის ნაკვეთი, სადაც ეს სკოლა აშენდება. ამის შემდეგ დაიწყება საპროექტო სამუშაოები, რა უნდა განთავსდეს ამ ტერიტორიაზე. ამის შემდეგ ტენდერებიც გამოცხადდება და იმედი მაქვს, წლის ბოლომდე მშენებლობაც დაიწყება. რაც შეეხება დიღმის პროექტს, ამის ძირითადი ნაწილების დასრულება წლის ბოლომდე გვინდა“, - განაცხადა ბატიაშვილმა.