ბიზნესმენი, უძრავი ქონების განვითარებისა და აქტივების მართვის კომპანია „შპს რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი „ვაკის საცურაო აუზის“ (ე.წ. ბენდუქუძის აუზი)ყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ ექსკლუზიურად განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ობიექტის ყიდვის შემთხვევაში, „ვაკის საცურაო აუზს“ პროფილი შეუნარჩუნდება. „ისტორიულად, ამ ადგილზე აუზია, სპორტია. აქ კორპუსების აშენებას თბილისის მერია არც არ უნდა დათანხმდეს და არც დათანხმდება,“ — აცხადებს პაპაშვილი.
კონკრეტულად, როდის დაიდება გარიგება და როდის ეყოლება „ვაკის საცურაო აუზს“ ახალი მფლობელი, ამაზე პაპაშვილი ვერ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი დეტალები „ვაკის საცურო აუზის“ ადმინისტრაციასთან უნდა გავარკვიოთ. „არ ვიცი, ჯერ არ არიან ჩამოყალიბებულები. გამყიდველი არ არის ჩამოყალიბებული, ყიდის თუ არ ყიდის, ან რა ფასად? “ — აცხადებს პაპაშვილი.
რაც შეეხება თავად „ვაკის საცურაო აუზს“, კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.
შეგახსენებთ, „ვაკის საცურაო აუზის“ ყიდვას რამდენიმე თვის წინ „ლიდერბეთის“ მფლობელი აკაკი შუბითიძეც გეგმავდა. თუმცა, ორ ბიზნესსუბიექტს შორის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. მიზეზი, რის გამოც არ შედგა გარიგება, უცნობია. „ლიდერბეთში“ დღეს აცხადებენ, რომ „ვაკის საცურაო აუზით“ არც დაინტერესებულან, შესაბამისად, აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.
წყარო: commersant.ge