წინასწარი მონაცემებით, თებერვალში ეკონომიკა 4.6%–ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4.6% შეადგინა.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, იანვარი-თებერვლის მშპ–ის საშუალო რეალური ზრდა 4.1%–ით განისაზღვრა.

„2019 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, ვაჭრობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგებში. კლება დაფიქსირდა მშენებლობის დარგში", – აღნიშნულია „საქსტატის" ინფორმაციაში.