ამხანაგობა „აქოლისმა“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას ამხანაგობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, „აქოლისი“ მულტიდისციპლინარული ჯგუფია, რომელიც დარგობრივი სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებულ 8 საპროექტო ორგანიზაციას აერთიანებს და სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმის, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებსა და მცხეთის ქალაქმშენებლობითი კადასტრის მომზადებას გულისხმობს.
„ამხანაგობა „აქოლისი“ ითვალისწინებს მცხეთის, როგორც საქართველოს ძველი დედაქალაქის ისტორიულ, არქეოლოგიურ, კულტურულ და რელიგიურ მნიშვნელობას საქართველოს ისტორიაში და მის დღევანდელობაში, მის ადგილს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სისტემაში და შექმნის ყველა პირობას, რათა შენარჩუნებული იქნეს ის უნიკალური გარემო, რომელიც მის ისტორიულ, კულტურულ, რელიგიურ, მემორიალურ, არქეოლოგიურ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ღირებულებებს განაპირობებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.