„დეფიციტის შემცირების ტრენდის გაგრძელება ნიშნავს, რომ ქვეყანას ნაკლები ვალდებულება უგროვდება დანარჩენი მსოფლიოს მიმართ“, - ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2018 წლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას.
„მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2018 წელს მშპ-ს 7.7% შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებაა. ამით კვლავ გაგრძელდა ამ მნიშვნელოვანი მაჩვენებლის დადებითი დინამიკა.
აღნიშნული გაუმჯობესების ძირითადი წყაროა როგორც მომსახურებით ვაჭრობის (ტურისტული შემოსავლების) მნიშვნელოვანი ზრდა, ასევე საქონლის ექსპორტის საგრძნობი მატება.
საქართველოსთვის, როგორც მცირე ზომის ღია ეკონომიკისთვის, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორია. დეფიციტის შემცირების ტრენდის გაგრძელება ნიშნავს, რომ ქვეყანას ნაკლები ვალდებულება უგროვდება დანარჩენი მსოფლიოს მიმართ, რასაც დადებითი ეფექტი აქვს როგორც გაცვლითი კურსის დინამიკასა და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე, ისე ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებაზე“, - წერს გვცენეტაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.