საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 40 საათს შეადგენს, სპეციფიკურ სამუშაოებზე კი 48 საათს. თუმცა ქართულ რეალობაში ამ წესის დაცვა ალბათ, ყველაზე ნაკლებად ხდება, რაზეც ოფიციალური სტატისტიკაც მიუთითებს. მაგალითად, მშენებლობაზე დასაქმებულები კვირაში 50 საათს მუშაობენ, რესტორნებში 49 საათს და ა.შ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ძირითად სამუშაოზე კვირაში ნამუშევარი ჩვეულებრივი საათების საშუალო რაოდენობა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით ასე გამოიყურება: (მონაცემები მოიცავს 2017 წელს)
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 28,2 საათი
- მრეწველობა - 46,1 საათი
- მშენებლობა - 50,5 საათი
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 49,2საათი
- ტრანსპორტირება და დასაწყობება - 45,7 საათი
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 49,3 საათი
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 42,5 საათი
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 42,8 საათი
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 39,4 საათი
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 41,6 საათი
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 44,3 საათი
- სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური დაცვა - 48,0 საათი
- განათლება - 30,4 საათი
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 42,1 საათი
- ხელოვნება, გართობა და დასვენება - 38,7 საათი
- სხვა სახის მომსახურება - 45,7 საათი
- შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის - 50,2 საათი
- ექსტერიტორიული ორგანიზაციების და ორგანოების საქმიანობები - 43,3 საათი
როგორც ცნობილია, სამუშაო კვირის ხანგრძლივობას საქართველოს შრომის კოდექსის მე–14 მუხლი არეგულირებს. ამ მუხლის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო.