Facebook-ი პირდაპირი ვიდეო ტრანსლაციების წესებს ამკაცრებს

კომპანია Facebook-ის ოპერაციულმა დირექტორმა შერილ სენდბერგმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელი მუდმივად სრულყოფს მისი ტექნოლოგიას, რათა დროულად მოახდინოს რეაგირება საშიში და მოულოდნელი კონტენტის ტრანსლირების თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ საუბარია მის მიერ გავრცელებულ ღია წერილში, რომელიც გაზეთ New Zealand Herald-ში დაიბეჭდა.

ამგვარად, ის ქალაქ ქრაისჩერჩში მდებარე მეჩეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ კომპანიის მიერ მიღებულ და მისაღებ ზომებს გამოეხმაურა. მისი თქმით, კომპანია ინვესტიციებს ახდენს კვლევებში, რომლებიც უფრო სრულყოფილს გახდის ვიდეო ტრანსლირებისას სწრაფად რეაგირების მექანიზმს.

მანამდე სააგენტო Associated Press-ი კომპანიის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით წერდა, რომ არასასურველი კონტენტის ამომცნობმა სისტემამ სოციალურ ქსელში ოპერატიულად ვერ აღკვეთა ქრაისჩერჩის მეჩეთის ტერაქტის ტრანსლირება. როგორც სააგენტო წერდა, სოციალური ქსელის ხელოვნური ინტელექტის სისტემებმა ავტომატურ რეჟიმში ვერ განსაზღვრეს ტრანსლაციის შემადგენელი და შესაბამისად, ვერ მოახერხეს მისი უმალ ბლოკირება, ვინაიდან მან ვერ გაარჩია ძალადობის კადრები ვიდეო თამაშების კადრებისგან.

შედეგად კი მეჩეთზე თავდასხმის კადრების ბლოკირება დიდი დაგვიანებით მოხდა და ის ძალიან სწრაფად გავრცელდა ინტერნტში. Facebook-ში განაცხადეს, რომ ტრაგედიიდან ერთ დღეღამეში სოციალური ქსელიდან ამ ტერაქტზე 1,5 მილიონი ვიდეო ამოშალეს.

კოკა კვირკველია