ჭავჭავაძის გამზირის #5-ში, სადაც დღეს საღამოს მიწა ჩამოიშალა, არსებული ინფორმაციით, მრავალპროფილური საავადმყოფო შენდება. საუბარია ვაკის ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე მშენებლობა ორიოდე თვის წინ დაიწყო და პროექტის მიხედვით, 2021 წელს დასრულდება. არსებული პროექტით, ჭავჭავაძის გამზ. #5- ში სამედიცინო დაწესებულებასთან ერთად ლანდშაფტური პარკი და მუზეუმი მოეწყობა.
სამშენებლო სამუშაოებს შპს ლეჩკომბინატი №1-ის დაკვეთით სამშენებლო კომპანია „ტრანსმშენი“ აწარმოებს.
„ვაკის ლეჩკომბინატის“ შენობა კომპანია შპს ლეჩკომბინატი №1-მა (წარსულში შპს დილა 2010-ი) 2010 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა. ობიექტის შესაძენად მაშინ ორი კომპანია — კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი და შპს დილა 2010 იბრძოდნენ, საბოლოოდ გამარჯვებულად კი შპს დილა 2010 დასახელდა. აუქციონზე ობიექტის გასაყიდი საწყისი ფასი 4 300 000 აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა საბოლოოდ კომპანიამ 7,3 მილიონი დოლარი გადაიხადა.
შპს დილა 2010 წლის თებერვალში დარეგისტრირდა. იმ პერიოდში „დილას“ 75%-ს რუსეთის მოქალაქე რუსუდან მახაშვილი ფლობდა, 25%-სკი საქართველოს მოქალაქე გურამ ქარაზანაშვილი. 2011 წელს კომპანიამ შეიცვალა სახელწოდება და გახდა შპს ლეჩკომბინატი №1. ამ დროისთვის კომპანიის 75%-ს ინარჩუნებს რუსუდან მახაშვილი, 25%-კი საქართველოს მოქალაქე ნიკოლაი სარქისოვი.