ბუნებრივია, სახელმწიფოს აქვს უფლება შეისწავლოს ყველა რისკი, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, რატომ ხდება ეს დღეს და ამ სიტუაციაში, ეს იწვევს კითხვებს და დაველოდოთ მოვლენებს, - ამის შესახებ ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით მთავრობა ალტერნატიულ კომპანიას ეძებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ჩასანაცვლებლად.
„დღეს დავბრუნდი ამერიკიდან, სადაც ჩემს ამერიკელ პარტნიორებთან სერიოზული შეხვედრები მქონდა. განწყობა არის ძალიან მობილიზებული ამერიკელების მხრიდან, ბანკების მხრიდან, რომ ეს პროექტი მივიდეს ბოლომდე და ეს წინააღმდეგობები იყოს დაძლეული კომპრომისებისა და მოლაპარაკებების ხარჯზე. ვფიქრობ, რომ ყველა ჩართული მხარის, სახელმწიფოს, კონსორციუმის და ქართველი ხალხის მიზანი, ძალისხმევა მიმართული და მობილიზებული უნდა იყოს, რომ ეს პროექტი შედგეს და არ იყოს რაღაც ჩასაფრებული პოზიცია. როგორც რიგითი ქართველი ვფიქრობ, ანაკლიის პორტს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროექტი შედგეს. ასეთ მეგაპროექტებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში თან სდევს უზარმაზარი სირთულე. მოვუწოდებ ყველა მხარეს, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ამ პროექტს მიიყვანს გამარჯვებამდე. შეიძლება, კინკლაობასა და ჩასაფრებულ მდგომარეობაში ეგ მომენტი გაგვექცეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.