საბანკო რეგულაციების იანვარი-თებერვლის თვეების შედეგებთან დაკავშირებით კონსულტაციები იყო ეროვნულ ბანკთან.
კომერციული ბანკების წარმომადგენლები შეხვდნენ ეროვნულ ბანკს. გადაწყდა, რომ აპრილშიც მოხდება მსგავსი შეხვედრა, ვინაიდან მხოლოდ ორი თვის შედეგები ვერ იქნება მაჩვენებელი რეგულაციების შედეგების,-ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ " ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
მისივე თქმით, ეროვნულ ბანკთან შეხვედრაზე განიხილეს უფრო მეტად რომელ მიმართულებებზე აისახა საბანკო რეგულაციები.
„განხილვა იყო, რა მიმართულებებია უფრო მეტად საინტერესო და რა მიმართულებებს შეეხო მეტად რეგულაცია. როგორც მოლოდინი იყო, მათ შორის ეროვნული ბანკისგანაც, რეგულაციები მეტად შეეხო სწრაფ სესხებს, განვადებებს. აღსანიშნავია, რომ იპოთეკურ სესხებში უფრო მეტად ახალაშენებულ ბინებს შეეხო, ვიდრე სხვა სახის იპოთეკურ სესხებს. ზოგადად იანვარსა და თებერვალში ბოლო 4 წლის განმავლობაში ისედაც აღინიშნებოდა საკრედიტო პორტფელის კლება, შესაბამისად, ამაზე ვერანაირ აქცენტებს ვერ გავაკეთებთ. მიკრო დონეზეა კონკრეტული საკითხები განსახილველი. მაგალითისთვის, შემცირებულია სესხების და მთლიანი სისტემის ანალიზი", -განაცხადა ძნელაძემ.
„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, როგორ აფასებს საბანკო ასოციაცია ტექნიკის მაღაზიების მხრიდან შიდა განვადების მექანიზმის დანერგვას, საბანკო რეგულაციების შედეგად შემცირებული გაყიდვების გასაზრდელად, ძნელაძე აცხადებს,რომ ბიზნესის ეს ნაბიჯი ადეკვატურია.
„ჩემი აზრით, ბიზნესმენების მხრიდან გამოსავლის ძიება ნორმალურია. ეს რაღაც ახალი და გაუთვალისწინებელი არ არის. მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც შუალედური ბაზარი გაჩნდებოდა, გვქონდა. რეალურად, ბიზნესის მხრიდან მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის სხვადასხვა მექანიზმის გამოყენება, რა თქმა უნდა, ლოგიკურია,“ - განაცხადა ძნელაძემ.