"ბიბლუსი გალერეაში" სალონური საუბრების საღამოზე ტრენერმა დავით ჩიკვაიძემ „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ თანამშრომლებთან პერსონალის განვითარების სისტემის ფარგლებში ნეთვორქინგის შესახებ ისაუბრა.
კომპანიაში პერსონალის განვითარების განსხვავებული სისტემა 2018 წელს დაინერგა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა პერსონალური განვითარების ბარათი, იგივე PD card, რომელიც თანამშრომლებ საშუალებას აძლევს, ტრენინგებში, საჯარო ლექციებსა და მასტერკლასებში მონაწილეობა უფასოდ მიიღონ და ქულები დააგროვონ.
ტრენერმა დავით ჩიკვაიძემ BPN.GE-ს განუცხადა, რომ კომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრის თემა ნეთვორქინგი, ანუ სანაცნობო წრის გაფართოება იყო.
დავით ჩიკვაიძე, ტრენერი და ბლოგერი:
„გამოსვლის თემატიკა სანაცნობო ქსელი, ნეთვორქინგი იყო, რაც ბიზნესში ძალიან აქტუალურია. „პალიტრა მედიის“ პერსონალური განვითარების ბარათის ფარგლებში ვისაუბრეთ. ამ ძალიან საინტერესო და ინოვაციური სისტემის დიდი მხარდამჭერი ვარ, რადგან აქ თვითონ ირჩევ, რა გინდა და როგორ გინდა, რომ განვითარდე, რაც ძალიან კარგი შიდასამოტივაციო სქემაა.
კავშირებზე ვისაუბრეთ და იმაზე, თუ რა არის სანაცნობო ქსელი. ამ ფორმატში მოკლედ, 40-50 წუთში შეგიძლია გადასცე ძირითადი გზავნილები. შეხვედრაზე ხაზი გავუსვით, თუ როგორ ხდება ნეთვორქინგი ისე, რომ იყოს არა გამოყენებასა და წაგლეჯვაზე, არამედ პირიქით, სამართლიანობასა და იმაზე დაფუძნებული, თუ რა შეგიძლია, გაიღო, და თუ როგორია ნეთვორქინგი საღი გონებით, საღი თვალით დანახული“, - განაცხადა დავით ჩიკვაიძემ.
„ბიბლუსი გალერეაში“ დავით ჩიკვაიძესთან შეხვედრას „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ დაახლოებით 40 თანამშრომელი ესწრებოდა. hotsale.ge-ს მომხმარებელთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ყიფიანმა აღნიშნა, რომ კომპანიის პროექტი ადამიანებთან საერთო ინტერესების გაჩენას უწყობს ხელს.
„როდესაც ჩვენი პერსონალის მართვის მენეჯერმა PD card-ის პრეზენტაცია გააკეთა, ამას ორგანიზაციაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იმ დღესვე ვისარგებლე ბარათით. ქულები და ბონუსები განვითარებისთვის და იმისთვისაც არის, რომ რაიმე საჩუქარი მიიღო. ის რომ, შენი ორგანიზაციის პერსონალის მართვის დეპარტამენტი ზრუნავს კოლექტივის განვითარებაზე და ცდილობენ, სხვაგვარადაც წაგახალისონ, ძალიან სასიამოვნოა. როდესაც ღონისძიებას თანამშრომლები ესწრებიან, ამას დისკუსიები მოჰყვება ხოლმე და ეს შემაკავშირებელია, ადამიანებისთვის გარკვეული საერთო სააზროვნო სივრცე ჩნდება, საერთო ღირებულებები და ინტერესების გარშემო არის საუბარი და ერთი სივრცის ემოციას ვიზიარებთ“, - განაცხადა ყიფიანმა.
ღონისძიებაზე ტელევიზია „პალიტრანიუსის“ სარეკლამო მიმართულების მენეჯერმა, ელენე ღოვთაძემ ნეთვორქინგისა და პერსონალის განვითარების ბარათის შესახებ ისაუბრა.
ელენე ღოთვაძე, „პალიტრანიუსის“ სარეკლამო მიმართულების მენეჯერი:
“ძალიან საინტერესო იყო ბატონი დავითის გამოსვლა. ნეთვორქინგი, კონტაქტების დამყარება ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ. „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ პროექტი, PD card განვითარებაზეა ორიენტირებული და ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციის მომცემია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩემი ლიტერატურის მომწოდებელიცაა. ასევე, ის გულისხმობს არა მხოლოდ ტრენინგებზე დასწრებას, არამედ სხვადასხვა მიმართულებებში აქტივობებს და მამოტივირებელი დიდი ძალაა, ამიტომ ბარათს ძალიან აქტიურად ვიყენებ“, - აღნიშნა ღოვთაძემ.
ავტორი: ეკა აბაშიძე