მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სახელმწიფო ტენდერებში სპეციალური კვოტის დაწესებაზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიების დასრულებამდე იმსჯელებს.
როგორც პროექტის ინიციატორი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი, დეპუტატი ლევან კობერიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ამ ეტაპზე მხოლოდ დრაფტი არსებობს და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, კანონპროექტიც მომზადდება.
მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სახელმწიფო ტენდერებში კვოტის დაწესების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით ლევან კობერიძე გასულ წელს გამოვიდა. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღემდე მხოლოდ კანონპროექტის დრაფტი არსებობს.
„პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ინიციატივა არც თუ ისე ადვილი დასაძლევი აღმოჩნდა, ამ საკითხზე სხვადასხვა დონის წინააღმდეგობები მივიღეთ. უახლოეს პერიოდში კომიტეტში გაიმართება შეხვედრა მთავრობასთან, მცირე და საშუალო ბიზნესთან ერთად, ასევე მსხვილ ბიზნესთანაც, რომ ყველა პოზიციები შევაჯეროთ. ვფიქრობ, რომ საგაზაფხულო სესიებზე მოვახდინოთ ამ კანონპროექტის ინიცირება. მომზადებულია კანონპროექტის დრაფტი, მაგრამ ჯერ ეს უნდა შეჯერდეს ყველა მხარესთან“, - განაცხადა კობერიძემ.
რაც შეეხება თავად ინიციატივას, კობერიძის თქმით, ის გულისხმობს, რომ სახელმწიფო ტენდერების გარკვეული ნაწილი მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გამოცხადდეს და ის მსხვილი ბიზნესისთვის დახურული იყოს. მისივე განცხადებით, თავდაპირველად შესაძლოა, ეს იყოს 5%, შემდგომ კი 15%-მდე გაიზარდოს.
„სახელმწიფო შესყიდვების ბიუჯეტი საკმაოდ მოცულობითია. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხის 10-15% , რომელიც შესყიდვების გარკვეულ მუხლებზე გავრცელდება. ანუ გარკვეული პროდუქტის, სერვისის შესყიდვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდეს მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესისგან. შეიძლება დასაწყისში 5% იყოს, მაგრამ რაღაც პროცენტი ტენდერების უნდა გამოცხადდეს მხოლოდ და მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
ბუნებრივია, რომ მსხვილ ბიზნესს აქვს გაცილებით დიდი ფინანსური რესურსი და მას შეუძლია ყოველთვის დაბალი ფასით შევიდეს ტენდერში. მცირე ბიზნესი უბრალოდ ვერ შეძლებს ასეთ ტენდერებში მონაწილეობას. ეს კარგი საშუალება იქნება სახელმწიფოს მხრიდან შექმნას საფუძველი, რომელიც შემდეგ უკვე თვითონ უნდა განავითაროს და იმუშაოს. ეს იქნება სისტემური მიდგომა. დარგებიც შეზღუდული უნდა იყოს. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტი სავარაუდოდ, მალე მიიღებს.
რატომ არის საჭირო, რომ ეს შეღავათები არსებობდეს - იმიტომ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი სტაბილურ დასაქმებას უწყობს ხელს. ის არის ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი. განვითარებულ ქვეყნებში ყოველი 4 ახალი სამუშაო ადგილიდან 3-ს ქმნის მცირე და საშუალო ბიზნესი, ჩვენთანაც ასე უნდა იყოს. ამიტომ ჩვენთვის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ კი გვაქვს სხვადასხვა პროგრამები, მაგრამ ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო სისტემური მიდგომა და გარკვეული რეფორმატორული წინადადებების მიღება არის საჭირო. ამით ჩვენ შევქმნით სტაბილურობის ბალიშს“ - განაცხადა კობერიძემ.
დეპუტატის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სახელმწიფო ტენდერებში სპეციალური კვოტის სისტემა წარმატებულად მოქმედებს ამერიკაში. შტატებში ამისთვის ფედერალური ბიუჯეტის 15%-ია გამოყოფილი. „ასეთი სისტემის ყველაზე კარგი მაგალითია ამერიკა, სადაც ძალიან კარგად ესმით, რა არის კონკურენცია. მათ ესმით, როგორ დაიცვან მცირე კომპანიები, რომ დიდებმა არ „გადაყლაპონ“. საქართველოში ასეთი ტენდენცია სამწუხაროდ, გარკვეული დოზით შეინიშნება, ვგულისხმობ გამსხვილებისკენ დინამიკას. ვფიქრობ, რომ ძალიან დროული და საჭიროა ამ კანონის მიღება“, - ამბობს კობერიძე.