თეა წულუკიანი : კერძო სექტორმა კეთილი ინებოს და "შრომის კოდექსს" პატივი სცეს

კერძო სექტორმა კეთილი ინებოს და "შრომის კოდექსს" პატივი სცეს.

ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც წულუკიანმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, დასაქმებულის უფლებები დაცული უნდა იყოს.

"დანანებით უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი კერძო სექტორის წარმომადგენელი არაფრად დაგიდევთ ამ ჩვენს "შრომის კოდექსს", რომლის შემუშავებაზეც ჩვენ ამდენი ვიწვალეთ და დასაქმებულები არიან ისევ უფლებების დარღვევის სიტუაციაში. ჩვენ ამაზე ალბათ ერთად უნდა ვიფიქროთ, მთავრობამ და კანონმდებლებმა იმისთვის, რომ კერძო სექტორმა კეთილი ინებოს, შრომის კოდექსს პატივი სცეს და დასაქმებულის უფლებები დაიცვას. მითუმეტეს, რომ ჩვენ კერძო სექტორის ყველა ინტერესი გავითვალისწინეთ, როცა ამ "შრომის კოდექსზე" ვმუშაობდით", - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, "შრომის კოდექსის" რეფორმის მეორე ტალღა ისევ ბიზნესთან არის მჭიდროდ დაკავშირებული, კერძოდ, საუბარია ქალთა უფლებების გაძლიერებაზე შრომით საქმიანობაში.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ეს პროცესი ცოტა შეფერხდა, რადგან "შრომის კოდექსის" რეფორმის პირველი ტალღა ბიზნესისთვის გარკვეულად ემოციურად, ფსიქოლოგიურად და პრაქტიკულადაც მტკივნეული იყო, მაგრამ სამინისტრო ამ საკითხზე დებატების განახლებას შემოდგომიდან გეგმავს.