„შრომის უფლების და უსაფრთხოების დაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია"

შრომის უფლების და უსაფრთხოების დაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ვაკეში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს იყო აბსოლუტურად ტრაგიკული შემთხვევა.

„კანონმდებლობა უკვე გაუმჯობესებულია, თებერვლიდან ძალაში შევიდა მაღალი რისკის შემცველ ობიექტებზე და პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება სრულიად ყველა სახის კომპანიისთვის და საწარმოებისთვის. შეიძლება ახლა აღსრულების პრობლემები არსებობდეს, მაგრამ მოგვარებადია. მთავარია, რომ სახელმწიფოს ნება არსებობს, კანონმდებლობა არსებობს. პირველი სექტემბრიდან ეს უნდა გახდეს ზრუნვა თითოეული მოქალაქის, მთავრობის წევრის და სამოქალაქო სექტორისთვის",- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. ხოლო 8 საათის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარიც ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე მუშაობდა 35 მეხანძრე-მაშველი.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.