მოსახლეობის დაბერებისა და მიგრაციის მაღალი მაჩვენებელის გამო ქვეყანაში სამუშაო ძალა სულ უფრო და უფრო მცირდება. შედეგად საქართველოში უმუშევრობის პრობლემაზე მეტად ახლა კადრების დეფიციტია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე, სტატისტიკის მიხედვით, მატულობს დასაქმებულთა რიცხვი, რეალური სურათი სულ სხვაგვარია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემებით, დასაქმებულთა საერთო რიცხვი 2017 წელს 1 მლნ 706 ათასი ადამიანი იყო, ხოლო 2018 წელს - 1 მლნ 694 ათასი. თუ ეს რიცხვები სარწმუნოა, მაშინ ჩნდება კითხვა, როგორ იზრდება ქვეყანაში დასაქმებულთა რიცხვი? ოფიციალური მონაცემები სრულიად სხვას აჩვენებს.
სტატისტიკოსები აღნიშნავენ, რომ გაურკვევლობის მიზეზი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ქვეყნიდან მასშტაბური გადინება და მოსახლეობის დაბერებაა, თუმცა, ეს არ არის სრული სურათი უმუშევრობის რეალური დონის შესახებ.
გარდამავალია ეკონომიკის მქონე ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა მსოფლიო მაჩვენებლებზე ბევრად დაბალია.
საქართველოში თუ რამდენიმე წლის წინ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებში 74,2 წელი იყო, დღეს უკვე 66 წლამდეა ჩამოსული. კლების ტენდენციაა ქალების მაჩვენებელშიც. სიცოცხლის საშუალო ასაკი ახლა 74 წელს შეადგენს, როცა 8 წლის წინათ 78 წელი იყო.
გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა მიეკუთვნება იმ სახელმწიფოთა რიგს, სადაც აშკარად იკვეთება მოსახლეობის დაბერების ნიშნები. ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ყოველ სამ წელიწადში, საშუალოდ, თითო წლით უფრო ხანდაზმული ხდება, ანუ ბერდება.
მაგალითისათვის, 2016-დან 2017 წლამდე ასაკით პენსიონერების რაოდენობა 12 000 ადამიანით გაიზარდა. გარდა მოსახლეობისა, ქვეყანაში გაჩნდა დაბერებადი პროფესიებიც. არაერთ დარგში ახალგაზრდა სპეციალისტის პოვნა თითქმის შეუძლებელია. გარდა იმისა, რომ საქართველოში სამუშაო ადგილები ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, როგორც ჩანს, არანაკლები სიმწვავით დგას კადრების პრობლემაც, რაც მიგრაციასა და მოსახლეობის დაბერებასთან ერთად მეტად გაიზრდება.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ორ ძირითად მიზეზს ასახელებს, რასაც თანდათან ჩიხში შევყავართ - ბოლო ორი წლის განმავლობაში მიგრაციის მასშტაბის ზრდა (30 000 ადამიანით) და მოსახლეობის დაბერება.
"დასაქმებისა და უმუშევრობის დონე განისაზღვრება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან. თუ ეს სეგმენტი საქართველოდან გავიდა და ნაკლები დარჩა ქვეყანაში, რასაკვირველია, დისბალანსი აისახება ციფრებზეც.
ბოლო ორ წელიწადში მიგრაციის უარყოფითი სალდო თითქმის 30 000-ზე მეტია ყოველწლიურად. ათასი კაციდან თუ 600 არის დასაქმებული, ციფრები გასაგებია, მაგრამ ათასი მოქალაქიდან გარკვეულმა რაოდენობამ თუ ქვეყანა დატოვა და ადგილზე ისევ 600 კაცი დარჩა დასაქმებული, რა თქმა უნდა, პროცენტულად უკეთესი მაჩვენებელი იქნება.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ასაკობრივი სტრუქტურაც, რადგან ჩვენთან დარღვეულია დემოგრაფიული ბალანსი, გაზრდილია ხანდაზმულთა რაოდენობა და შემცირებულია 15-დან 65 წლამდე ასაკის მოსახლეობის რიცხვი. ჩვენი მოსახლეობა, სამწუხაროდ, დაბერებადია. 1991 წლის შემდეგ 7 წლით არის ერის ასაკი მომატებული და ჩვენ ვუახლოვდებით, "რეკორდსმენი" ქვეყნების რიცხვს ამ კუთხით. ეს ორი ფაქტორი არის ამ ერთი შეხედვით უცნაური სტატისტიკის მთავარი მიზეზი", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" სტატისტიკოსმა.
ზემოთ აღნიშნული ორი მომენტის გარდა, ეკონომისტი სანდრო თვალჭრელიძე სტატისტიკის მეთოდოლოგიის ცვლილებით გამოწვეულ დისონანსზეც საუბრობს. ციფრების გარდა, პრობლემა კადრების კვალიფიკაცია და ოდენობაცაა.
"გარდა ორი ბუნებრივი მიზეზისა, არის მესამე და მნიშვნელოვანიც, რამაც სტატისტიკაში, შეიძლება ითქვას, ხარვეზი გამოიწვია. ეს არის დათვლის მეთოდიკის ცვლილება, რომელიც ბოლო წლებში მოხდა, შედეგად კი თვითდასაქმებულები დაქირავებით დასაქმებულებს შეუერთდნენ.
მიმაჩნია, რომ მეთოდოლოგიური პრობლემები აშკარაა, რადგან ძალიან ცოტა, მაგრამ ქვეყანაში მაინც შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, ეს უდავოა. ჩვენ როგორმე ერთხელ და სამუდამოდ უნდა განვსაზღვროთ, რას ნიშნავს თვითდასაქმება. ადამიანი რომელსაც ნაკვეთი აქვს სოფელში, მოჰყავს პროდუქტი და არ ყიდის მას, დღეს დასაქმებულად ითვლება, რაც არასწორი მიდგომაა.
ის, რომ ქვეყნიდან სამუშაო ძალა გადის და ერიც დაბერებადია, იწვევს უზარმაზარ პრობლემას. ეს არის კადრების დეფიციტი. მხოლოდ "არეს.ჯი"-ზე დღეში 700-800 განცხადება იდება ხოლმე, თუმცა ძალიან ცოტა აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რაც იქაა ჩამოთვლილი. გარდა ამისა, არსებობს პროფესიები, სადაც ძალიან ცოტა კადრებია.
რაც უნდა ბევრი ვისაუბროთ განათლებაზე, უზარმაზარი ინვესტიციის გარეშე, რა თქმა უნდა, ფუჭია ყველაფერი. ფიზიკას დაფაზე ვერ ასწავლი, ამისათვის აპარატურა და ლაბორატორიებია საჭირო, რაც, სამწუხაროდ, არ გვაქვს. სწორედ ამიტომ სამუშაო ადგილები უამრავ დარგში ვერ გვექნება. ასე გაგრძელების შემთხვევაში რამდენიმე წელში დაბალი კვალიფიკაციის უცხო ქვეყნის მოქალაქეებით გაჯერდება ჩვენი ბაზარი, რადგან ჩვენთვის ესეც დამაკმაყოფილებელი იქნება", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" თვალჭრელიძე.
ნინა გარდაფხაძე
გაზეთი "რეზონანსი"