თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორის გიორგი კერესელიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქონების მართვის სააგენტოს, ეკონომიკის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართეს, დარბაზის გარშემო განვითარებული მოვლენების განხილვა აქტიურად დაიწყო.
„გადავედით სამუშაო რეჟიმზე, იმ ფაზაში, როცა სრულ დოკუმენტაციას გვაგზავნინებენ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში. როგორც ბოლო ცნობებით ვიცი, საკითხი არის მომზადებული და გამზადებული იმისათვის, რომ უკვე მთავრობაზეც გავიდეს და განხილულ იქნას," - აცხადებს გიორგი კერესელიძე.
მისივე თქმით, დარბაზის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამართლებრივი საკითხი ისევ დღის წესრიგში დგას.
მისივე თქმით, სახელმწიფოს დარბაზის რჩენა ძვირი დაუჯდება.
„ძალიან ბევრი სხვა დარბაზები აქვს სახელმწიფოს სარჩენი. ამიტომ ერთით მეტს კიდევ ნუ ავკიდებთ. ეს იქნება ძალიან ბევრმილიონიანი შესანახი ობიექტი. მითუმეტეს, იმ ბიზნესგეგმით, რასაც სიმფონიური ორკესტრი სთავაზობს. მათ მოუწევთ სიმფონიური ორკესტრის რჩენაც ბიუჯეტის ხარჯზე და პლუს, ამ დარბაზის რჩენაც. საერთოდ, ქართულ შოუბიზნესს, რომელსაც ამდენი წელია სიმწრით ვავითარებდით, როგორც ბიზნესს, ალბათ, ეს ყველაფერი კატასტროფამდე მიიყვანს,“ - აღნიშნა კერესელიძემ.