ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტ-ექსპორტის და ავტოპარკის სტრუქტურის შესახებ კვლევის პრეზენტაცია შედგა

"საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტ-ექსპორტის და ავტოპარკის სტრუქტურის შესახებ" სტატისტიკურ-ანალიტიკური კვლევის პრეზენტაცია შედგა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კვლევა ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადდა. პრეზენტაცია საქართველოში რეგისტრირებული, ასევე, იმპორტირებული და რეექსპორტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციას მოიცავს და ითვალისწინებს დინამიკას ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონკრეტული მახასიათებლებით; ავტოპარკის განახლების და გაახალგაზრდავების ტენდენციებს; ავტოსატრანსპორტო საშუალებების განაწილებას რეგიონების მიხედვით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, ასევე, ფიზიკურ პირთა სქესის და ასაკის მიხედვით.

სამინისტროს განცხადებით, საქართველოში ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება. ავტოპარკის 60,9%-ს მსუბუქი ავტომანქანები შეადგენს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი რუხი და თეთრი ფერისაა. 2011-2013 წლებში საგრძნობლად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო და სპეცტექნიკის, მისაბმელების და მოტოტრანსპორტის რაოდენობა.

მათივე ინფორმაციით, ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი (90,9%) 2004 წლამდეა წარმოებული, თუმცა იზრდება 3 წლამდე ასაკის ავტო-მოტო ტრანსპორტის რაოდენობა. 2013 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა NISSAN-ის (32%) და HONDA-ს (30%) რაოდენობა.

"HONDA CRV-მ და VOLKSWAGEN JETTA/VENTO-მ 2013 წელს საუკეთესო ათეულში ჩაანაცვლეს VOLKSWAGEN PASSAT-ი და OPEL OMEGA. მსუბუქი ავტომანქანების უმრავლესობა (51,9%) სედანის ტიპისაა, თუმცა, 2013 წელს უფრო მოთხოვნა იყო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანებზე. სამგზავრო და სატვირთო ავტომანქანებში ლიდერობს FORD-ი, რომელიც სამგზავროების ა/ მანქანების 53%-ს შეადგენს, ხოლო სატვირთოების - 34%-ს. თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოქალაქეთა ხვედრითი წილი რეგიონების მიხედვით 4-დან 9-მდე მერყეობს. როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა უმრავლესობა უპირატესობას MERCEDES BENZ-ის მარკის ავტომანქანას ანიჭებს. 2013 წელს იმპორტის მოცულობა 17%-ით გაიზარდა. იმპორტირებული ავტომანქანების 21,2% დიზელის ძრავიანია. მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტი მთელი იმპორტის 15%-ს შეადგენს; თითქმის 2-ჯერ გაიზარდა SUBARU-ს იმპორტი, რომელმაც ათეულში HYUNDAI ჩაანაცვლა. 2013 წელს RENAULT-ს ახალ ა/მ-ებზე მოთხოვნა თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. 2013 წელს საუკეთესო ავტომწარმოებელთა ხუთეულში შესული ავტომარკების ყველაზე მოთხოვნადი მოდელებია: TOYOTA Hilux, HYUNDAI Elantra, SKODA. Octavia, KIA Rio და RENAULT Logan. 2013 წელს პრემიუმ ბრენდების ყველაზე პოპულარული მოდელებია: Land Rover, Range Rower (38), Land Rover Evoque (26), Mercedes ML (24) და BMW; X5(23).

პრემიუმ ბრენდებში უპირატესობა ენიჭებოდა 50 000 აშშ დოლარამდე ღირებულების ა/მ-ებს, ხოლო საბიუჯეტო კლასიდან – 15 000 აშშ დოლარამდე ღირებულების ა/მ-ებს", - აღნიშნულია კვლევის შედეგებში.