რა შემოსავალი მიიღო ვახტანგ ბუცხრიკიძემ „თიბისიში“ 2018 წელს

„თიბისი ჯგუფმა“ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მათ შორის, ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის შემოსავალიც არის მოცემული.

კერძოდ, ანგარიშის თანახმად, 2018 წელს მისმა მთლიანმა შემოსავალმა 3,356,000 აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ხელფასი - 929,000 აშშ დოლარი; ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით მიღებული ანაზღაურება 454,000 აშშ დოლარი იყო.

ცნობისთვის, ამავე ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს ბუცხრიკიძის მთლიანი შემოსავალი 4,084,000 აშშ დოლარი იყო და აქედან, ხელფასი - 1,027,000 დოლარს, ხოლო ფულადი ანაზღაურება - 454,000 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ ბუცხრიკიძეს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა 1998 წლიდან უჭირავს და „თიბისის“ რამდენიმე კომიტეტს ხელმძღვანელობს. ის ბანკს 1993 წელს შემოუერთდა, კრედიტების მართვის დეპარტამენტის უფროს მენეჯერად, ხოლო 1994 წელს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. 1996 წელს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა. ვახტანგ ბუცხრიკიძე ასევე, არის საქართველოს ბანკების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე. 2011 წლიდან კი საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც არის.

თაია არდოტელი