მერია კოსტავას ქუჩის N54-თან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის გაუქმებას გეგმავს.
გადასასვლელის გაუქმების სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, 12 აპრილს იწყება და 15 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 60 000 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, დავალების მიზანი მერაბ კოსტავას ქუჩის N54-სა და N41-ს შორის მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის გაუქმებაა.
„თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩა N54-სა და N41-ს შორის მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი დღეის მდგომარეობით დატბორილია, რაც შეუძლებელს ხდის მოქალაქეების მიერ მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობას. მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია საგზაო მოძრაობის კუთხით აუცილებლობას არ წარმოადგენს, რადგან აღნიშნული მიწისქვეშა გადასასვლელის მიმდებარედ (მ. კოსტავას N52) ქვეითთა მოძრაობა რეგულირდება შუქნიშნის სიგნალებით. მიუხედავად ობიექტის გაუქმებისა, საჭიროა დადგინდეს შემოდინების მიზეზები და შესაბამისი ღონისძიებების დასახვა,“-აღნიშნულია დოკუმენტაციაში.