თბილისის მერმა კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფს“ პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე, კონკრეტულ ლოკაციებში განათებების შეცვლის პროექტის მომზადება დაავალა. კალაძემ სამსახურის ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა იმ სამუშაოსთვის, რასაც ისინი ეწევიან და აღნიშნა, რომ დასაფასებელია იმ ადამიანების შრომა, რომლებიც დღედაღამ ზრუნავენ ქალაქზე.
„ეს ადამიანები მართლაც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, დღის და ღამის განმავლობაში ემსახურებიან ჩვენს ქალაქს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქი იყოს სუფთა, მოწესრიგებული და ნამდვილად დასაფასებელია ამ ადამიანების შრომა. მადლობა თქვენ და მადლობა თითოეულ თქვენს თანამშრომელს, ვინც ამ სამუშაოს აკეთებს. ამასთან, მინდა დაგავალოთ, რომ პუშკინის ქუჩის 19 ნომრიდან ბარათაშვილის ქუჩის 26 ნომრის ჩათვლით, ალბათ დაკვირვებულები ხართ განსაკუთრებით ღამის საათებში, როდესაც განათება ირთვება, საკმაოდ მოუწესრიგებელია ეს მიმართულება, არადა ისტორიულად ულამაზესი ადგილია, ისტორიული შენობა-ნაგებობები დგას. მე მხედველობაში მაქვს მხატვრული განათება - ეს წითელი, ყვითელი, ლურჯი, არეული ფერები ხიბლს და სილამაზეს უკარგავს იმას, რაც ამ კონკრეტულ ადგილს გააჩნია. მინდა დაგავალოთ რომ პროექტი გააკეთოთ, რათა ერთიანობაში ჩაჯდეს ეს ყველაფერი და ერთნაირი განათება გვქონდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა „თბილსერვის ჯგუფს“ ბარათაშვილის აღმართზე, კლდის გასანათებელი პროექტის მომზადებაც დაავალა.
„ასევე მინდა გთხოვოთ, რომ ბარათაშვილის აღმართზე, კლდის მხატვრული განათების პროექტიც გააკეთოთ, რომ ესეც მოწესრიგებული და ლამაზი იყოს. რეაბილიტაციის შემდეგ ეს ქუჩა მართლაც ლამაზი გამოვიდა და მგონია, რომ ამ მხატვრული განათებებით კიდევ უფრო გავალამაზებთ და კიდევ უფრო მომხიბვლელი და შთამბეჭდავი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.