თბილისის მერია კახეთის გზატკეცილის ცენტრალური გზის სრულ რეაბილიტაციას იწყებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან დაიწყება. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 45 მილიონი ლარია, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განათების ბოძები, გამწვანება, მოწესრიგდება ბორდიურები. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კახეთის გზატკეცილზე გარკვეული შეზღუდვები იქნება, თუმცა ეს მოძრაობას პრობლემას არ შეუქმნის.
„აეროპორტიდან თბილისში შემოსასვლელი გზა მთლიანად იქნება მოწესრიგებული. თქვენ იცით, რომ გასულ წელს მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო გზის სრული რეაბილიტაცია განვახორციელეთ, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით და დღეს უკვე ვიწყებთ ცენტრალური გზის მოწესრიგებას, სადაც მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა დაახლოებით 360 ჭა, ასევე, ბორდიურები, მთლიანად შეიცვლება გამწვანება, შეიცვლება განათების ბოძები თავისი ლედ განათებებით. საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია.
დღეს არსებული ვითარება არც თუ ისე სახარბიელოა. არის კონკრეტული მონაკვეთები, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ჩვენ ძალიან მალე გვექნება რეაბილიტირებული, განახლებული კახეთის გზატკეცილი. საკმაოდ ძვირი პროექტია, დაახლოებით, 45 მილიონი ლარი დაჯდება. დღეს ვიწყებთ ამ სამუშაოებს. გარკვეული შეზღუდვები იქნება, თუმცა სათადარიგოები გახსნილი იქნება. მე როგორც ვიცი, უკვე გადატანილია მოძრაობა, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და მოძრაობის თვალსაზრისით ნაწილობრივ შეზღუდვა იქნება, თუმცა პრობლემას არ წარმოადგენს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.