გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 9%-ია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემით ძალიან კმაყოფილი, ხოლო მოსახლეობის 40,6% უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო, - აღნიშნულის შესახებ კვლევა "ღია საზოგადოების ფონდმა" გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 72% საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობს, ხოლო 11%-ს კერძო დაზღვევა აქვს.
გეოგრაფიულ ჭრილში, თბილისის მოსახლეობის 18,7%, ხოლო რეგიონების მცხოვრებელთა 7,2% სარგებლობს კერძო დაზღვევით.
საქართველოს მოსახლეობის 48% კონსულტაციის მიღების მიზნით ოჯახის ექიმს მიმართავს, 26,3% - ვიწრო სპეციალიზაციის ექიმს, ხოლო 18,3% - აფთიაქს.
კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს.
საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.