სამშენებლო და საბანკო სფეროს რეგულაციებმა მიწის გაყიდვაზე უარყოფითად იმოქმედა.
მართალია, ფასი არ შეცვლილა, მაგრამ მოთხოვნამ აშკარად იკლო. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, გარკვეული გავლენა ამ თვალსაზრისით უცხოელ მოქალაქეებზე ბინადრობის უფლების შეზღუდვამაც მოახდინა. როგორც უძრავი ქონების სააგენტოებში აღნიშნავენ, რეალიზაციის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაეცა.
ამასთან, თუკი აქამდე იპოთეკური სესხის დამტკიცებისას ანგარიშს უწევდნენ ემიგრანტების გზავნილებსაც, რეგულაციის პირობებში პრობლემა ამ კატეგორიის მყიდველსაც შეეხო.
უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტი, სააგენტო „კიბის" ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე ამბობს, რომ მიწის ნაკვეთსა და ბინას ხალხი უმეტესწილად სესხით ყიდულობდა. დღეს მათ სესხი ვეღარ უმტკიცდებათ, რამაც კომპანიები საგრძნობლად დააზარალა.
„დღეს ფიზიკურად არ არის კარგი სამიშენებლო მიწა. მაგალითად, დიდ დიღომში, საშუალო ფასი შეიძლება 100 დოლარიც იყოს, მაგრამ დიდი დიღმის პირველ ზოლში 400 დოლარზე ძვირიც ღირდეს. ცენტრალურ უბნებში, მაგალითად, ვაკეში, ვერასა და საბურთალოზე მოთხოვნა არის, მაგრამ თავისუფალი მიწის ფართი რეალურად აღარაა. ნაკვეთი უნდა იძლეოდეს საშუალებას, რომ ახალი რეგულაციით განსაზღვრულ სამშენებლო ნორმას მოერგოს.
რაც შეეხება საბანკო რეგულაციებს, თუკი მსესხებლებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდებათ, ცხადია, ეს უძრავი ქონების გაყიდვაზეც ადეკვატურად აისახება. იპოთეკურ სესხს ისედაც დიდი სიფრთხილით გასცემდნენ და ეროვნული ბანკის შეზღუდვის შემდეგ ბევრი მოქალაქე უძრავი ქონების ყიდვას რეალურად ვერ ახერხებს. ცხადია, ეს ეხება ემიგრანტების გზავნილებსაც, რაც ისედაც დიდი რისკის მატარებელი იყო და რეგულაცია, სავარაუდოდ, ამ საფრთხესაც ითვალისწინებს.
რაღაც უნდა დაბალანსდეს. არ მესმის, მე თუ ვმუშაობ და 1000 ლარამდე მაქვს შემოსავალი, რატომ არ უნდა მქონდეს სესხის აღების უფლება. ძალიან მკაცრი შეზღუდვაა და როგორც რიგით მომხმარებლებზე, ასევე უძრავი ქონების ბაზარზეც ნეგატიურად აისახება", - ამბობს „რეზონანსთან" გოგუაძე.
დილერების ინფორმაციით, თბილისში მიწაზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ძველი თბილისის ტერიტორიაზეა – აბანოთუბანსა და ავლაბარში მიწებს უმეტესად სასტუმროების ასაშენებლად ყიდულობენ, ხოლო დიდ დიღომში - კერძო სახლებისათვის.
კომპანია Myclient.ge-ს დირექტორ გვანცა გუჯელაშვილის ინფორმაციით, მიწაზე ყველაზე დიდი მოთხოვნა უცხოელი მოქალაქეების მხრიდან იყო და როგორც კი ბინადრობის უფლება შეიზღუდა, რეალიზაციაც შემცირდა.
„მიწის ფასზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. რეგულაციებმა ამ მხრივ დიდი გავლენა მოახდინა, ხალხი სესხით ვერ ყიდულობს ბინას და ეს გაყიდვასაც დაეტყო, თუმცა ბაზარს საკმაოდ დიდი კონტინგენტი მოაკლდა უცხოელი მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც აქამდე საკმაოდ დიდი აქტიურობით გამოირჩეოდნენ. ჩვენი სააგენტოს მონაცემებიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში უძრავ ქონებაზე, მით უმეტეს მიწაზე ფასების ცვლილება არ შეინიშნება. სამაგიეროდ, მკვეთრად შემცირებულია მოთხოვნა.
საბანკო და სამშენებლო რეგულაციების გარდა, ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბინადრობის მინიჭების უფლება, რომელიც ბოლო პერიოდში საკმოად გართულდა. საბოლოო ჯამში, ამან მოთხოვნაზე გარკვეული ნეგატიური როლი ითამაშა. დღეს საქართველოს მოქალაქეები ერთეულები არიან, ვისაც მიწის შეძენა და სახლის აშენება სურს", - ამბობს გვანცა გუჯელაშვილი.
საქართველოში მიწის ნაკვეთების ფასი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომ შესაძლოა, ერთსა და იმავე ქალაქში, სოფელში ან თუნდაც უბანში კვადრატული მეტრის ღირებულება საგრძნობლად განსხვავდებოდეს.
დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატული მეტრის ფასი 100-2000 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
მიწა ყველაზე ძვირი თბილისში ღირს. დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატული მეტრის ფასი 100-2000 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
შედარებით იაფია ნაკვეთები თბილისის გარეუბნებში, აქ კვადრატულ მეტრს 6 დოლარადაც იშოვნით და 400 დოლარადაც.
მაგალითად, დიდ დიღომში 1 კვ/მ მიწის ნაკვეთის ფასი 25-450 დოლარია, გლდანში – 20-350 დოლარი, თემქაზე – 35-180 დოლარია, თბილისის ზღვაზე – 10-85 დოლარი, ვარკეთილში - 10-300 დოლარი, აფრიკის დასახლებაში კი – 7-40 დოლარი.
საქართველოს სხვა ქალაქებში ასეთი სურათია: ბათუმსა და ქუთაისში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კვადრატული მეტრის ფასი 20 დოლარიდან იწყება, ზუგდიდსა და თელავში – 10 დოლარიდან, კურორტ გუდაურის ცენტრში კი კვადრატული მეტრი 60 დოლარად იყიდება.
რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, ფასები აქაც განსხვავდება. მაგალითად, თბილისთან ახლოს, ტაბახმელაში ასეთი ტიპის ნაკვეთი საშუალოდ 35 დოლარად იყიდება, ანანურში – 15 დოლარად. ზუგდიდის შემოგარენში მისი შოვნა 0,32 დოლარადაც შეგიძლიათ და 3 დოლარადაც, თელავში ამ ტიპის მიწის ფასი 0,48 დოლარიდან იწყება, სიღნაღში – 0,32 დოლარიდან. მარნეულში ფასები იწყება 0,81 დოლარიდან, ოზურგეთში - 0.57 დოლარიდან და 7 დოლარს აღწევს, ხოლო ამბროლაურში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კვადრატული მეტრი საშუალოდ 5 დოლარი ღირს.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"