წინანდალში სამორინეს მოწყობისას კომპანია 5 მლნ-იან სანებართვო მოსაკრებელს აღარ გადაიხდის

წინანდალში სამორინეს მოწყობა სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლდება. ამის შესახებ მთავრობის 29 მარტის დადგენილებაშია აღნიშნული.

კერძოდ, დადგენილების თანახმად, ცვლილება შედის „სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში. შედეგად კი, დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდება: „ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის ტერიტორიებზე სამორინეს მოწყობა სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს“.

ცნობისთვის, 2012 წლის დადგენილების მიხედვით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სამორინეს მოწყობა სანებართვოს მოსაკრებლისგან ისედაც გათავისუფლებული იყო და ახალი ცვლილებით, მას უკვე წინანდალიც დაემატა.

რაც შეეხება სანებართვო მოსაკრებლის წლიურ განაკვეთს ის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე 5 მლნ ლარს შეადგენს.

თუმცა, კანონი გამონაკლისებსაც ადგენს და ესენია: ახალციხის მუნიციპალიტეტი (მოსაკრებელი - 100 000), გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის ტერიტორია (მოსაკრებელი - 250 000). ამასთან, მოსაკრებელი წელიწადში 250 ათასი ლარს შეადგენს - ქალაქ ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.

გარდა ამისა, კანონით, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებული არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურში ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა ახლად აშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში.

2019 წლის 3 ივნისიდან კი სამორინეს მოწყობა სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდება ასევე გუდაურის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე, აგრეთვე წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.

თაია არდოტელი