საკრედიტო საგარანტიო მექანიზმთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კონსულტაცია გვქონდა, როგორც მთავრობის შიგნით, ასევე დონორებთან და მგონია, რომ ამაზე დისკუსიები ფაქტობრივად, ამოწურულია, -ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა დეპუტატ რომან კაკულიას კრიტიკის კომენტირებისას განაცხადა.
კითხვაზე, იზიარებს თუ არა სააგენტო ამ კრიტიკას, მიხეილ ხიდურელი აცხადებს, რომ შესაძლოა, კომუნიკაციის პრობლემიდან გამომდინარე გაჩნდა ეს შეფასება, რამდენადაც სააგენტო საგარანტიო მექანიზმის პარალელურად მიკროგრანტების პროგრამას იწყებს, რომელიც ერთმანეთთან არაა კავშირში და მეწარმეთა სხვა სეგმენტზეა გათვლილი. ამასთან, მისი თქმით, სააგენტოსთვის ყველა ტიპის ბიზნესი პრიორიტეტულია.
„ჩვენთვის ყველა ბიზნესი პრიორიტეტულია. მე არ ვიცი მიზეზი, თუ რატომ გააკეთა ასეთი შეფასება რომან კაკულიამ. ამ საკითხზე არაერთხელ გვქონია კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი კონკრეტული სეგმენტის ბიზნესზეა მორგებული, რომელსაც უზრუნველყოფა უჭირს, ასევე სააგენტოს აქვს საგრანტო პროგრამა, რომელიც იმ მიკრომეწარმეებს ეხმარება, ვინც ვერ ჩაერთვება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმში. გვაქვს სუბსიდირების პროგრამა მათთვის, ვისაც პროცენტის გადახდა უჭირს. შესაბამისად, სააგენტო ბევრ მექანიზმს იყენებს, რომ პრაქტიკულად ყველა ტიპის მეწარმეს მოემსახუროს. 30 000 ლარამდე ვწევთ საგრანტო კომპონენტს, სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ ლარია, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში სესხები 50 000 ლარიდან იწყება. აქედან გამომდინარე არ ვთვლი, რომ რომელიმე სეგმენტს არ ვეხმარებით“, - განმარტა ხიდურელმა.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კომიტეტის მხარდაჭერა საბოლოდ სრულად არ აისახა პროგრამაში და მეტი კონსულტაცია იყო საჭირო მის ამოქმედებამდე. ასევე კაკულიას თქმით, პროგრამა არ ითვალისწინებს იმ კატეგორიის ბიზნესის ხელშეწყობას, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.