მამუკა ბახტაძის განცხადებით, კიბერდანაშაული და ფულის გათეთრების რისკები განვითარებული ქვეყნების მსგავსად, საქართველოსთვისაც გამოწვევას წარმოადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, კიბერდანაშაული და ფულის გათეთრების რისკები განვითარებული ქვეყნების მსგავსად, საქართველოსთვისაც გამოწვევას წარმოადგენს.

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მთავრობის სამოქმედო გეგმა ამ გამოწვევის წინააღმდეგ მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და ამ თვალსაზრისით, საქართველოს შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„რაც შეეხება კიბერდანაშაულს, ისევე როგორც ფულის გათეთრების რისკებს, ეს გახლავთ გამოწვევა ნებისმიერი ქვეყნისთვის 21-ე საუკუნეში. ყველა განვითარებული ქვეყნისთვის მათ შორის, და ბუნებრივია, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი. ვფიქრობ, ის სამოქმედო გეგმა, რაც შეეხება კიბერდანაშაულთან ბრძოლას, ის რესურსები, რომელიც უნდა იყოს ინვესტირებული, რომ პრევენცია მოვახდინოთ კიბერდანაშაულის, ეფუძნება მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკას. ამ თვალსაზრისით, ჩვენი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - განაცხადა ბახტაძემ.