ტყვიის მკვლევართა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

ტყვიის მკვლევართა ჯგუფი თბილისში ტყვიის წყაროების კვლევის ჩატარებისას აღმოჩენილი შეცდომის გამო წუხილს გამოთქვამს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა განუცხადა.

„ტყვიის მკვლევართა ჯგუფი ძალიან ვწუხვართ, რომ თბილისში ტყვიის წყაროების კვლევის ჩატარებისას გამოყენებულ ერთ-ერთ ტყვიის ჭარბი რაოდენობით შემცველ სამშენებლო-სარემონტო მასალას შეცდომით ვუწოდეთ ამერიკული კონგლომერატის DuPont ხელოვნური ქვის ბრენდის „კორიანის“ (Corian®) სახელი. სამწუხაროდ ამ ფაქტით შეცდომაში შევიყვანეთ საზოგადოება და ბრენდის არსებული და პოტენციური მომხმარებლები. ასევე, უნებლიეთ, რეპუტაციული ზარალი მივაყენეთ არა მარტო ბრენდის მწარმოებელს, არამედ რეგიონში მის ოფიციალურ წარმომადგენელ კომპანიას შპს „ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის“ (Next Building Technologies LLC - NBT). აღნიშნული შეცდომა გამოიწვია კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი ოჯახის მიერ მოწოდებულმა მცდარმა ინფორმაციამ.

ჩვენს მიერ საკითხის დამატებითი შესწავლის შემდეგ, ვადასტურებთ, რომ „კორიანი“ მსოფლიოში დღეს არსებულ სამშენებლო-სარემონტო მასალებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. აღნიშნული მაღალი სტანდარტების გამო ის ფართოდ გამოიყენება ამერიკასა და ევროპაში, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებში სპეციალიზებული ავეჯის წარმოებისას. ასევე, საბავშვო ბაღებში, კვების ობიექტებსა თუ სხვა ტიპის საჯარო სივრცეებში. კომპანიის მიერ ჩვენთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ „კორიანის“ ბრენდის ხელოვნურ ქვაში ტყვიის და სხვა მავნე ნივთიერებების რაოდენობა ნამდვილად არ აღემატება „საშიში ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვის თაობაზე ევროკავშირის დირექტივით“ (Directive 2011/65/EU – „RoHS Directive“) დაწესებულ ზღვრულ ნორმებს. საზოგადოებას შეუძლია გაეცნოს „კორიანის“ საერთაშორისოდ აღიარებულ სერთიფიკატებს, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომია“, - აცხადებს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.