ცალსახად მიუღებელია, რომ იმპორტი იყოს პრეფერენციულ მდგომარეობაში და მათ შეიტანონ და გაასაღონ ისეთი პროდუქცია, რომელიც მომხმარებელს შეიყვანს შეცდომაში, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პოლიეთილენის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებული რეგულაციების პრაქტიკაში დანერგვაზე საუბრისას განაცხადა.
დავითაშვილმა იმ სავარაუდო შემთხვევებზე ისაუბრა, როდესაც ლაბორატორიული კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ იმპორტირებული პარკების ნაწილი შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომელიც საფუძვლიანი კვლევის გარეშე არ აჩვენებს, რომ პარკი ბიოდეგრადირებადი არაა.
„ჩვენ დავაკვირდით, რომ ხშირ შემთხვევაში რთული რეგულაციების ამოქმედებას სჭირდება ბევრი კომუნიკაცია, ბევრი მხარის ჩართულობა, ერთობლივი მუშაობა, მათ შორის საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია რათა ეს ცვლილებები დაიგეგმოს. ჩვენ დაწყებული გვაქვს საკმაოდ დიდი მუშაობა, მათ შორის ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით გარემოს ეროვნულ სააგენტოში. ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გრანტი ასეთი ლაბორატორიის მოსაწყობად საქართველოში და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო იტალიის მთავრობას. ასეთი ლაბორატორია უკვე შეძენილია, მაგრამ იცით, რომ ყველა კვლევას თავისი აკრედიტაცია სჭირდება და ამ მეთოდების დანერგვა მიმდინარეობს. პარალელურად, დოკუმენტური შემოწმების კუთხით, ანუ ის რაც მიკვლევადია და ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ, ეს ხორციელდება, მათ შორის საბაჟო უწყებების მიერ. ის სერთიფიკატები და დოკუმენტები, რომელიც საქონელს მოყვება, საბაჟო უწყებებმა უნდა გააკონტროლონ საზღვარზე და იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული ეჭვი შეიქმნა ამასთან დაკავშირებით და თუ ნარჩენების მართვის დეპარტამენტს, რომელიც ჩართულია ამ პროცესში, რაიმე მოსაზრებები გაუჩნდება, შესაძლებელია ინფორმაციის გადამოწმება იმ უწყებებთან, რომელიც ასეთი დოკუმენტების გამცემია მეზობელ ქვეყნებში, საიდანაც შემოვიდა იმპორტი. ცალსახად მიუღებელია, რომ იმპორტი იყოს პრეფერენციულ მდგომარეობაში და მათ შეიტანონ ისეთი პროდუქცია და გაასაღონ, რომელიც მომხმარებელს შეიყვანს შეცდომაში. აქ საჭიროა შესაბამისი ორგანოების რეაგირება. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი პასუხისმგებელია საწარმოო პროცესებზე გაკონტროლების ნაწილში. ჩვენ შეიძლება კორექტირებები შევიტანოთ დადგენილებაში, რათა უფრო მკაფიოდ განისაზღვროს სხვადასხვა უწყებების როლი. ბევრი ეტაპი ალბათ გასავლელი გვექნება, იმისთვის, რომ საქართველოში სრულად აღმოვფხვრათ არაბიოდეგრადირებადი პარკის გამოყენება. პრაქტიკა გვიჩვენებს ბევრ საკითხს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პოლიეთილენის პარკებზე დაჯარიმების დაწყებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ კი მინისტრმა განაცხადა, რომ დღეისთვის არაბიოდეგრადირებადი პარკების რალიზაციის გამოვლენაზე სხვადასხვა უწყებები მუშაობენ და საჭიროა გარკვეული დაზუსტებები, რათა აღსრულების ნაწილი იყოს ეფექტური.
„ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრულია, რომ სარეალიზაციო ქსელში კონტროლი დღეისთვის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საზედამხედველო სამსახურებს აქვთ. კანონმდებლობა ასე ამბობს და დადგენილებაშიც ასეა გადმოტანილი. მეორეს მხრივ იქ რაღაც გარკვეული იურიდიული დაზუსტებებია საჭირო, რადგან მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონმდებლობით, მთლად ასე მკაფიოდ არ არის ეს საკითხი განსაზღვრული, ამიტომ გარკვეული პრაქტიკაში წარმოქმნილი საკითხები უნდა დარეგულირდეს და გაუმჯობესდეს. ამაზე გვაქვს დიალოგი, გვაქვს ურთიერთობა და შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, რომ სწორედ იმ უწყებებმა აღასრულონ, რომელთაც მეტი შესაძლებლობა ექნებათ, შეიძლება დღეს არ ჰქონდეთ მაგრამ ეს შესაძლებლობები უნდა შეიქმნას. ამიტომ ამ დიალოგის რეჟიმში ჩვენ ვმუშაობთ, მათ შორის შემოსავლების სამსახურთან, იმიტომ, რომ საცალო ვაჭრობას ისინი სხვადასხვა მიმართულებით ამოწმებენ. ჩვენ რეალურად მკაცრი სანქციები გვექნება მას მერე, როდესაც გვექნება უტყუარი გამოვლინებები, რომ სანქცია, რომელსაც სახელმწიფო გასცემს, არ იწვევდეს ეჭვებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.