არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ პირველი ივლისისთვის 10.2 მლრდ ლარს გადააჭარბა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2014 წლის პირველი ივლისისათვის 10.2 მლრდ ლარს გადააჭარბა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული 290.1 მლნ ლარით ანუ 2.9 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე. ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდას 349.4 მლნ ლარით ანუ 8.1 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების კლებას 59.2 მლნ ლარით ანუ 1.1 პროცენტით.

როგორც ბანკში აცხადებენ, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 61.59 პროცენტი შეადგინა - 0.34 პროცენტული პუნქტით მეტი პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით.

"ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 6.1 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.6 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 5.4 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.1 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 16.4 პროცენტი შეადგინა", - აცხადებენ ბანკში.