„საპარტნიორო ფონდის“ პროექტებიდან მოგებამ 14.8% შეადგინა:  ფონდის მიერ დახარჯულ 1 დოლარზე მოზიდული ინვესტიცია 7 დოლარია

„საპარტნიორო ფონდმა“ 2017 წლის ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა.

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი საერაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ KPMG-მ განახორციელა, რომელიც მსოფლიოს ე.წ. „დიდ ოთხეულში“ შედის.

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ფონდი ვალდებულია კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებისას გაითვალისწინოს ყველა შვილობილი კომპანიის შედეგი, რომლებიც „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაშია, მათ შორის, იმ სახელმწიფო კომპანიებისაც, რომლებსაც ფონდი არ მართავს (საქართველოს რკინიგზა-100% წილი; საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - 100% წილი; საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა -100% წილი; ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი-100% წილი; სს თელასი-24.5% წილი).

კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „საპარტნიორო ფონდის“ მოგებამ მისი შვილობილი ორი კომპანიის - სს „საქართველოს რკინიგზისა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ზარალის გამორიცხვით, 192.6 მილიონი ლარი შეადგინა.

ფონდის მიერ საკუთარი ბიზნეს პროექტების განხორციელების მიზნით, მაღალტექნოლოგიური წარმოების, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სექტორებში 48 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მათი საშუალო მოგება 14.8% შეადგენს, ყოველ დახარჯულ 1 აშშ დოლარზე მოზიდული ინვესტიცია კი 7 აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ აქ გათვალისწინებული არ არის 6 მლნ ლარამდე ყოველწლიური შემოსავალი, რომელსაც ფონდი იმ პროექტებში მონაწილეობით იღებს, სადაც პარტნიორს ფიქსირებულ ფასად გამოსყიდვის ვალდებულება აქვს.

ამავდროულად, „საპარტნიორო ფონდმა“ 2017 წლიდან წინა წლებში „კრედიტ სვისისგან“ აღებული 150 მლნ აშშ დოლარიანი სესხის ძირითადი თანხის დაფარვა დაიწყო და 2018 წელს ის 87 მილიონ დოლარამდე შეამცირა.

კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული 481 მლნ ლარიანი ზარალი მთლიანად „სს „საქართველოს რკინიგზისა და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ აქტივების გაუფასურებით არის განპირობებული.

„საქართველოს რკინიგზისა“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წმინდა ზარალის ძირითადი მიზეზი აქტივების გაუფასურების ხარჯია: „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” შემთხვევაში ეს თურქეთთან დამაკავშირებელი ხაზის გაუფასურებაა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის ტარიფში აღნიშნული აქტივების სრული ღირებულება არ არის ასახული. თურქეთთან დამაკავშირებელი ხაზის აქტივების გაუფასურების მიზეზად სწორედ ეს ფაქტი ფიქსირდება. ტარიფის მეთოდოლოგიაში ცვლილება უკვე ინიცირებულია.

„საქართველოს რკინიგზის“ შემთხვევაში ზარალის ძირითადი მიზეზი 2010 წელს დაწყებული თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის შეჩერებით გამოწვეული აქტივის ღირებულების შემცირებაა. თუ აღნიშნული პროექტი გაგრძელდება, ზარალი უკან, გაუნაწილებელ მოგებაში დაბრუნდება.

დეტალური ინფორმაცია აღნიშნული კომპანიების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშგებებშია ასახული.