პროგრესული ნაბიჯი თუ - დაბრუნება რევიზორების ხანაში?

ალტერნატიული აუდიტის სამსახურის შესახებ აზრი ორად იყოფა

ალტერნატიული აუდიტის ინსტიტუტი საქართველოში 2011 წელს ამოქმედდა და მისი მომსახურებით არაერთი ბიზნესმენი სარგებლობდა. ბევრ მათგანს ერჩივნა კერძო აუდიტორისათვის ჩაებარებინა ბუღალტერიის წარმოებაც, საგადასახადო სამსახურთან ურთიერთობაც და ამ ყველაფერზე სწორედ აუდიტორი ყოფილიყო პასუხისმგებელი. ამიტომ, მწვავე დებატები მოჰყვა ინფორმაციას, რომ ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების პროექტი 1 იანვარს დასრულდება. შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ხატია მოისწრაფიშვილმა, მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ აუდიტორებს ყოველთვის ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ თავიანთი საქმიანობა, მაგრამ არ ექნებათ შემოსავლების სამსახურის ტოლფასი აუდიტორული აქტის გამოწერის უფლებამოსილება. დღეს ალტერნატიული აუდიტის თაობაზე ბევრს კამათობენ: ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მას მუშაობაში სერიოზული ხარვეზები ჰქონდა, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, გაუქმებას სჯობდა ეს ხარვეზები გამოგვესწორებინა.

აუდიტორული კომპანია ,,BDO""-ს ხელმძღვანელი, ზურაბ ლალაზაშვილი მიიჩნევს, რომ ალტერნატიული აუდიტის გაუქმება სავსებით გამართლებული, ლოგიკური ნაბიჯია და ამ სისტემის ნაკლოვან მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას:

-ალტერნატიული აუდიტის გაუქმება სწორი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან შეოსავლების სამსახური ვერ უზრუნველყოფდა იმას, რაც თავიდან იყო ჩაფიქრებული. პირველ რიგში, გაურკვეველია, თუ როგორ ხდებოდა კერძო აუდიტორებისათვის ამა თუ იმ კატეგორიის მინიჭება, ამავე დროს, არ არსებობდა კერძო აუდიტორებისათვის გამოცემული ერთიანი მეთოდოლოგია, სახელმძღვანელო, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა მათი სამუშაოს ჩატარება. ამის გამო, ვისაც როგორ მიაჩნდა საჭიროდ, ყველა ისე იქცეოდა. ყველაზე საკამათო კი ერთი გარემოებაა: როდესაც აუდიტორები ვერ გადაწყვეტდნენ ამა თუ იმ საკითხს, შემოსავლების სამსახურს წერილობითი მხარდაჭერა მაინც უნდა აღმოეჩინა მათთვის. ამავე დროს, მათ პასუხისმგებლობა უნდა აეღოთ წარდგენილ საქმეზე -ეს იქნებოდა დავა, საჩივარი თუ ა.შ... მსგავსი რამ არ ხდებოდა და ამიტომაც, ძალიან ბევრი აუდიტორული კომპანია პროექტში ჩართული არ ყოფილა. ამას ჩვენი კომპანიის მაგალითზეც ვამბობ, თუმცა ეს არა მარტო ჩემი, არამედ ბევრი ჩემი კოლეგის აზრიცაა.

ვისაც თავისი საქმის პროფესიონალია და ვისაც ენდობა კლიენტი, თავის დამკვიდრება არც სხვა ფირმაში გაუჭირდება. არსებობენ კომპანიები, რომლებიც ამ პროექტს მხარს უჭერდნენ, მაგრამ ზოგიერთს ალტერნატიული აუდიტის სამსახურთან ურთიერთობის ძალზე უარყოფითი გამოცდილება აქვს. მე მხოლოდ ჩემს აზრს მოგახსენებთ: ალტერნატიული აუდიტის გაუქმება სწორი ნაბიჯია -ასეთია ჩემი კომპანიის პოზიციაც და ჩვენ ამის დასამტკიცებლად არგუმენტები და მოსაზრებებიც გვაქვს. შეიძლება ჩემი ნათქვამი ვიღაცას ეწყინოს, ვიღაცას - არა, მაგრამ ასეა! სხვათა შორის, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ალტერნატიული აუდიტის მუშაკებიდან მომავალში ვიღაც ჩვენი კომპანიის წევრიც გახდეს.

სრულიად საპირისპირო მოსაზრება აქვს ”ისტ გეით ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ირაკლი იაშვილს:

-ვფიქრობ, რომ ეს არის უკან - რეგრესისაკენ გადადგმული ნაბიჯი. თავის დროზე მე ძალიან გამიკვირდა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ეს ინსტიტუტი შექმნა, მაგრამ ეტყობა მაშინ ბიზნესი ისეთ მარწუხებში იყო მოქცეული, რომ იძულებული გახდნენ ეს ნაბიჯი გადაედგათ. ეს იყო ძალიან პროგრესული ნაბიჯი იმ ფონზე, რაც მაშინ ქვეყანაში ხდებოდა. ზოგადად, ჩემი დაკვირვებით, კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანები უფრო მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევიან, ვიდრე სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები. ეს რა თქმა უნდა ყველას არ ეხება - სახელმწიფო სექტორშიც არიან პროფესიონალები. ვისაც ბიზნესი აქვს, ყველას გამოუცდია საგადასახადო სამსახურთან ურთიერთობის მთელი სიმძიმე და სირთულე, ჩვენსავით, ყველას აქვს ეს მწარე გამოცდილება. კერძო აუდიტის შემოღებით გადაწყდა ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელიც საქართველოში ბიზნესს ჰქონდა, კერძოდ - სანქციების გადახდის აუცილებლობა. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოწმებას კერძო აუდიტი ატარებდა, კომპანიას შეიძლება რაღაც შეცდომა ჰქონოდა ბუღალტერიაში, რა თქმა უნდა, ამ შეცდომის გამოსწორებაც მოუწევდა და საურავის გადახდაც, მაგრამ ჯარიმას არ იხდიდა. მომავალი წლის 1 იანვრიდან კი უკან, წარსულში უნდა დავბრუნდეთ: მივა საგადასახადო სამსახურის ინსპექტორი და თუ კომპანიას რაღაც დარღვევა ექნება, აუცილებლად მოუწევს ჯარიმის გადახდა. ალტერნატიული აუდიტი იმავე საქმეს ასრულებდა, რასაც საშემოსავლო სამსახური, მაგრამ როგორც წესი, ჩვენთან მოდიოდა გაცილებით კვალიფიციური ადამიანი, რომელიც აუდიტსაც კვალიფიციურად ატარებდა, როდესაც რაღაც ხარვეზს გიპოვიდა, აუცილებლად ჩაწერდა ამას აქტში, საურავსაც გადაგახდევინებდა, მაგრამ ჯარიმას - არა. თუ ალტერნატიული აუდიტის სამსახური გაუქმდება, კომპანიებს ჯარიმების გადახდა აუცილებლად მოუწევთ. ამიტომ, ალტერნატიული აუდიტის გაუქმება თავის უარყოფით შედეგს 1 იანვრიდანვე მოგვიტანს.

ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და მე, როგორც ამ სფეროს წარმომადგენელი, ალტერნატიული აუდიტის გაუქმებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივესალმები. როგორც გითხარით, ამ ინსტიტუტის გუაქმების მავნე ნაყოფს 1 იანვრიდან მოვიმკით ჯარიმებისა და საჩივრების სახით. ყველა დავინახავთ, რომ შემოსავლების სამსახური საჩივრებს ვეღარ აუვა, მერე ეს საქმეები სასამართლოში გადავა, რასაც ბიზნესის წარმომადგენელთა უმაყოფილება მოჰყვება. ეს არის უაღრესად ცუდი გადაწყვეტილება, რომელიც 1990-იან წლებში ანუ რევიზორების ხანაში დაგვაბრუნებს.

ხათუნა ჩიგოგიძე