აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ საკითხი არ დარჩება მარტივად პარლამენტში, მე ველოდები როდის შეიქმნება ეთიკის საბჭო და იქ მივმართავ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა მას შემდეგ განუცხადა, რაც მისი კანონპროექტი ჩავარდა.
„მე ვფიქრობ, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ ჩავარდნას. ეს არის ლობირების და ამ შემთხვევაში ერთი მონოპოლიური კომპანიის ინტერესების გათვალისწინება, რომელსაც აქვს მონოპოლია მოპოვებული ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმიდან და ამ კომპანიას ჰქვია "აუთდორი". ამის გამო ჩავარდა ეს კანონპროექტი, რომ მათ სერიოზულად ეკრძალებოდათ რეკლამების განთავსება. ეს სივრცე, აზარტული სივრცე პირდაპირი მნიშვნელობით ამ ქვეყანას აუბედურებს. პირადად მამუკა ბახტაძეს მივმართავ, მათ არ ეყოთ გამბედაობა წასულიყვნენ ხალხის მხარეს და დაიჭირეს მონოპოლისტური კომპანიის მხარე, რომელსაც თბილისის მერიამ ხელახლა გაუგრძელა ინტერესი გარერეკლამასთან დაკავშირებით", -განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მისივე თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა, უკავშირდება პირადად მას. როგორც გოგიჩაიშვილი ამბობს, გარკვეულ ძალებს არ სურთ, რომ მან "ქულები ჩაიწეროს".
„მე ვფიქრობ, ეს არის, კორუფციული შეთანხმება ხელისუფლებასა და ამ კომპანიას შორის. არ არსებობს ლოგიკა, რომ პოლიტიკოსმა მხარი არ დაუჭიროს ამ იდეას იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია სოციალური თვალსაზრისით. მაინტერესებს ამ საკითხზე შეხვედრები პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მერს ამ მონაპოლიურ კომპანიებთან ჰქონდათ თუ არა?! ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საკითხს არ დავტოვებთ და მივიყვანთ ბოლომდე.
ძალიან სამარცხვინო, შეურაცმყოფელი გადაწყვეტილებაა. რადგან ჩემი ინიციატივა იყო, ესეც იყო მთავარი მიზეზი, რომ ვიღაცის თვალში არ ჩამწეროდა ქულები, ამიტომ ჩააგდეს", -განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, ჩააგდო.
2 თვეზე მეტია, რაც აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი კენჭსაყრელ საკითხთა დღის წესრიგშია და მას პირველი მოსმენით დღეს უყარეს კენჭი. საკანონმდებლო ინიციატივას მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ამ შედეგით ჩავარდა.
კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა. თავდაპირველად განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა, რომელმაც განმარტა, რომ უმრავლესობა პროექტის სულისკვეთებას იზიარებს, მაგრამ მხარს არ უჭერს ნორმას, რომლის მიხედვით, აზარტული თამაშების გარე რეკლამის განთავსება დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში უნდა აიკრძალოს. მდინარაძემ განმარტა, რომ თუკი ინიციატორი პროექტს ახლიდან, ახალი ფორმულირებით შემოიტანს, უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.