გიორგი კვირიკაშვილი ვარაუდობს, რომ წელს და მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე მეტი იქნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვარაუდობს, რომ წელს და მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე მეტი იქნება.

როგორც კვირიკაშვილმა პარლამენტში, უმცირესობის წევრ ზურაბ ჯაფარიძის შეკითხვის პასუხად განაცხადა, დაგეგმილის შესაბამისად, 2015 წელი იქნება მაღალი ზრდის მონაცემებით.

"რაც თქვენ ბრძანეთ, 2013 წლის მაჩვენებლები, აბსოლუტურ მაჩვენებლებში ეს ასეა. შესაბამისად, იყო ცვლილება ბიუჯეტის აბსოლუტური შესრულების მაჩვენებელში, თუმცა ეს არ იყო საბიუჯეტო კრიზისი. ყველა ვალდებულება იყო გასტუმრებული. წელს და მომავალ წელს, რაც დაგეგმილი გვაქვს, იმაზე მაღალი ზრდა გვექნება. ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება და 2015 წელი, როგორც გაცხადებული იქნა თავიდან, იქნება გაცილებით უფრო მაღალი ზრდის მონაცემებით", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, პირველ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, მშპ-ს ზრდა არის 7.1%. "მეოთხე და მეხუთე თვეში ზრდა იყო საშუალოდ 4.5%, რაც იძლევა იმ პროგნოზის გაკეთების საშუალებას, რომ მინიმუმ, დაგეგმილი 5%-იანი ზრდა წლის ბოლოსთვის შესრულდება. 16%-ზე მეტი ზრდა არის გადამამუშავებელ მრეწველობაში, 14% - მშენებლობაში, ვაჭრობაში - 11%, უძრავი ქონებით ვაჭრობაში - 10 % და ა.შ. რაც შეეხება, საგარეო ვაჭრობის მხრივ წლის დასაწყისის მონაცემებს, მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, 16%-იანი ზრდა არის საგარეო ვაჭრობაში, აქედან ევროკავშირთან არის 15%-იანი ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, წლის დასაწყისიდან პირველ კვარტალში გვაქვს 15%-იანი ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში. ბიზნესსექტორის ბრუნვის მიმართულებით გვაქვს 16,1%-იანი ზრდა. 55%-იანი ზრდა 2014 წლის პირველ კვარტალში 2013 წლის ამავე პერიოდთან შედარებით სოფლის მეურნეობაში. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობის გათვალისწინებით ეს მნიშვნელოვანი რიცხვია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მინისტრის თქმით, ვარდნა 2013 წელს არ ყოფილა. "გვქონდა ზრდის შენელება, ანუ უფრო მაღალი ზრდა გვქონდა დაგეგმილი. 3.2% მივიღეთ მშპ-ს ზრდა წლის ბოლოს, რაც მშპ-ს აბსოლუტურ მაჩვენებელში არის 26,824,9 მილიონი ლარი. ზრდა რომ ყოფილიყო უფრო მეტი, აბსოლუტური მაჩვენებელი იქნებოდა უფრო მეტი. ბევრი მიზეზით, ინფრასტრუქტურული პროექტების პორტფელის გადასინჯვისა და კოჰაბიტაციის გამო, წლის პირველ ნახევარში გვქონდა ზრდის შენელება. ჩვენ მოგვიწია არაკონტრაციკლურად, ფისკალური სტიმულირების განხორციელება წლის მეორე ნახევარში. ამან გამოიწვია ფულადი მასის ზრდა. თუმცა ეს იყო გამოწვეული აბსოლუტურად ბუნებრივად, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ფულის ხარჯვის გაძლიერებით. ჩვენ სხვა გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდით", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე ეკონომიკის მინისტრისგან დაინტერესდა, რამდენად ლოგიკურია არსებული ეკონომიკური მონაცემების ფონზე, თანამდებობიდან დიასპორისა და კულტურის მინისტრებს ათავისუფლებდნენ. ჯაფარიძემ პარლამენტში მთავრობისა და ოპოზიციის შეხვედრაზე ეკონომიკური მონაცემები ჩამოთვალა და კვირიკაშვილს კითხვა დაუსვა, არის თუ არა მის მიერ ჩამოთვლილი მონაცემებიდან ერთი მაინც ტყუილი.

"შარშან, მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ქვეყნის ეკონომიკაში იყო სერიოზული პრობლემები და, შესაბამისად, ბიუჯეტშიც იქნებოდა სერიოზული პრობლემები. მინდა გკითხოთ, რა შედეგები მივიღეთ 2013 წლის შემდეგ. როდესაც ჩვენ დავამტკიცეთ 2013 წლის ბიუჯეტი, იქ იყო მითითებული, რომ საქართველოს ეკონომიკა წელს უნდა გამხდარიყო 32 მილიარდი ლარი. ჩვენ გვაქვს 2014 წლის ბიუჯეტი და მისი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა წელს შეიძლება გახდეს მაქსიმუმ 29 მილიარდი ლარი. ანუ, იმის გამო, რომ 2013 წელი იყო სერიოზულად ჩავარდნილი, ჩვენმა ეკონომიკამ ამ ორ წელიწადში დაკარგა 3 მილიარდი ლარი. გარდა ამისა, 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი საშემოსავლო ნაწილში გაირღვა 600 მილიონ ლარზე ცოტა მეტით, სახარჯო ნაწილში გაირღვა 700 მილიონ ლარზე მეტით, ბიუჯეტის დეფიციტი გაიზარდა 4%-მდე, ქვეყანამ დაკარგა დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარი, სავალუტო რეზერვების მხრივ ჩვენ გვქონდა კლება და 2013 წლის შედეგად ქვეყანას წელს უწევს მილიარდ 636 მილიონი ლარის ვალის აღება. იმის გამო, რომ ბოლო კვარტალში 2013 წელს ხაზინიდან გამოიყარა ძალიან ბევრი ფულის მასა, ამან გამოიწვია ეროვნული ვალუტის კურსის დისბალანსი, გაუფასურება და გამოიწვია იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა და პირველადი მნიშვნელობის პროდუქტებზე. ამის გამო, საარსებო მინიმუმი გაიზარდა და პენსიას აცდა", - განაცხადა ჯაფარიძემ.